პრეზიდენტი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 20-23 აპრილს ოფიციალური ვიზიტით  პარიზს ეწვევა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს შეხვდება, რომელიც თბილისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 2014 წლის მაისს სტუმრობდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხვედრები საფრანგეთის სენატის თავმჯდომარესთან ჟერარდ ლარშერთან და „იუნესკოს“ გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან.

„ვიზიტის მიზანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაა“, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრება, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას დაათვალიერებს და ლევილის ქართულ მამულსაც ეწვევა.