საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ აპრილში 3.2% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გავრცელებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონე აპრილში 3.2%–მდე შემცირდა წინა თვეში არსებული 4.1%–დან.

წინა თვესთან შედარებით აპრილში 0.6%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა; მარტში კი საქართველოში 0.3%–იანი დეფლაცია იყო.

ფასები ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე აპრილში 14.7%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ძირითადად თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.

წლიურმა ინფლაციამ ჯანდაცვის კატეგორიაში აპრილში 7.5% შეადგინა, რაც ძირითადად,  ფასების მომატებამ გამოიწვია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (10.2%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.3%) ქვეჯგუფებზე.

ფასები სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე აპრილში 7%–ით გაიზარდა.

სატრანსპორტო საშუალებებზე და საწვავზე შემცირებულმა ფასებმა ტრანსპორტის ჯგუფზე ფასების 6.1%–ით შემცირება გამოიწვია წინა წლის აპრილთან შედარებით.

აპრილში ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფზე ფასები 5.7%–ით გაიზარდა, ხოლო ინფლაცია საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ჯგუფზე 5.4%–ით გაიზარდა. ასევე, ფასები საკვებზე აპრილში 1.9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.