ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების ფონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 მაისს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა იმ ფონზე, როდესაც ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციას განაგრძობს.
ხუთშაბათს შუადღისთვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.214–ს შეადგენდა, რაც თითქმის 8%–იანი გამყარებაა წლის დასაწყისიდან და 4.6%–იანი გამყარება 2015 წლის მაისის დასაწყისთან შედარებით.
ეს ეროვნული ბანკის უკვე მეექვსე ინტერვენციაა შესყიდვის მხრივ. 17 მარტიდან 5 მაისამდე პერიოდში განხორციელებული ექვსი ინტერვენციის დროს ეროვნულმა ბანკმა სულ 75 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.
ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, დაახლოებით 1.75–ის ნიშნულიდან 2.4985-იან რეკორდულ ნიშნულამდე 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის.
ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის იანვარში სამი ინტერვენცია განახორციელა და საერთო ჯამში 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 2015 წლის მანძილზე ლარის მხარდასაჭერად განხორციელებული ცხრა ინტერვენციის შედეგად 286.96 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.
2016 წლის მარტის ბოლოს მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ 2.456 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეს არსებული 2.425 მილიარდი აშშ დოლარის და დაახლოებით, ერთი წლით ადრე არსებული 2.452 მილიარდი დოლარის ნაცვლად.