„პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ექვსი აქტივისტი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს

ექვსი პირი, მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრი, დააკავეს მას შემდეგ, რაც კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა ჯგუფი 7 მაისს შეეცადა, რომ „პანორამა თბილისის“ მშენებლობის ადგილას პოლიციის კორდონი გაერღვია.

რამდენიმე საათში ექვსივე დაკავებული გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი მათგანი, მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, თითოეული 250 ლარით დააჯარიმა პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო. დანარჩენ სამზე, რომელთაც ასევე დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად და რომელთა შორისაა თბილისში პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელი ნატა ფერაძე, სასამართლო მოსმენა ჯერ არ დასრულებულა.

კულტურული მემკვიდრეობის დამცველები და გარემოსდამცველები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სოლოლაკში  მრავალფუნქციური კომპლექსის  მშენებლობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ახორციელებს. კულტურული მემკვიდრეობის დამცველები აცხადებენ, რომ ეს პროექტი, რომელიც ივანიშვილის რეზიდენციის და ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს ხორციელდება, დედაქალაქს ძველ იერსახეს დაუკარგავს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამ დაკავება–გამოშვებას. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილის შპს. ეს არის თითოეული ჩვენგანის ქვეყანა. არ გავჩერდები, ეს ჯარიმა და რამდენიმე საათიანი ყურყუტი არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის. ბიძინა ივანიშვილმა ის ტერიტორია ქალაქს უნდა დაუბრუნოს. ეს არის მნიშვნელოვანი და მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ამას მივაღწიო“, – განაცხადა ელისაშვილმა.