კვირიკაშვილი სამხედრო წვრთნებზე კომენტარს აკეთებს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა რუსეთის კრიტიკას საქართველოში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების „ღირსეული პატნიორის“ მიმართ და განაცხადა, რომ „აბსოლუტურად არაფერი პროვოკაციული ამაში არ არის“ და არც არავის წინააღმდეგ არ არის ის მიმართული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგეგმილი წვრთნები, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 1300 ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცის მონაწილეობით გაიმართება, „პროვოკაციულ ნაბიჯად“ შეაფასა, რაც „მიმართულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებული გამწვავებისკენ“.
„გაცილებით უფრო მეტი პროვოკაციული ელემენტია იმ ხელშეკრულებებში, რომლებიც იწერება რუსეთის ფედერაციას, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად არანაირ პროვოკაციას ადგილი არ აქვს “, – განუცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა 9 მაისს ჟურნალისტებს.
„ეს [წვრთნები] არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენი პარტნიორობისა დასავლეთთან. მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდა. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს სამხედრო რეფორმისა, როდესაც საქართველოს სამხედრო შენაერთები არიან მაქსიმალურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. დღეს ჩვენ გვაქვს ახალი ეტაპი დასაწყები, რომ საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ. სწორედ აქეთკენ არის მიმართული ეს წრთვნები, რომელიც იწყება საქართველოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოხატულება საქართველოს ურყევი ნებისა და მოსახლეობის სუვერენული გადაწყვეტილებისა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
US and UK soldiers arrived in #Georgia for upcoming #NoblePartner exercises beginning in two days pic.twitter.com/OVyHY7LXq4
— MOD Georgia (@ModGovGe) May 9, 2016
500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას ყოველწლიურ წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“. ამერიკული არმიის M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსი“ ბულგარეთიდან ბორნის საშუალებით პირველად იქნა ტრანსპორტირებული ფოთის პორტში წვრთნებში მონაწილეობისთვის.