კვირიკაშვილი საბერძნეთში ტრანს–ადრიატიკული მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში 870–კილომეტრი სიგრძის ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო. ეს გაზსადენი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის ნაწილია და მისი მეშვეობით აზერბაიჯანული გაზი ევროპას მიეწოდება. 

ცერემონიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი თავის ბერძენ კოლეგას  ალექსის ციპრასს შეხვდა.

საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა განუცხადა თავის ქართველ კოლეგას, რომ TAP–ი „კარგი შესაძლებლობაა ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისთვის“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტი ახალ განზომილებას ქმნის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოებისთვის.

უკვე მიმდინარეობს სამუშაოები არსებული სამხრეთ კავკასიის მილსადენის გასაფართოვებლად, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანული შაჰ–დენიზის გაზი საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება.

პროექტი ასევე მოიცავს ტრანს–ანატოლიის გაზსადენის მშენებლობას თურქეთის გავლით, რომელიც შეუერთდება დაგეგმილ ტრანს–ადრიატიკულ გაზსადენს. ეს უკანასკნელი საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით – სამხრეთ იტალიამდე, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს. მისი მეშვეობით, დაახლოებით, 10 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება ევროპას 2020 წლისთვის.

ევროკომისიის ენერგეტიკული კავშირის  ვიცე–პრეზიდენტმა  მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა ცერემონიაზე, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის განხორციელება გარდატეხა იქნება… იმის გათვალისწინებით, რომ კასპიის ზღვა ძალიან შორსაა ევროპული ბაზრისთვის, რათა ინტეგრირებული ენერგო ინფრასტრუქტურა შეიქმნას, რომელიც კასპიის რესურსებს ევროპელ მომხმარებლებს დაუკავშირებს“.
მისი თქმით, პროექტი „ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი… და პოლიტიკურად ხელსაყრელია ყველა მონაწილე მხარისთვის“.

„შემიძლია უკვე დავადასტურო ჩვენი ინტერესი სამხრეთის გაზის დერეფნის სწრაფად გაფართოების მიმართ, მათ შორის მეტი გაზის მიმართ კასპიის და შესაძლოა ცენტრალური აზიის რეგიონიდან. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ აშხაბადის დეკლარაცია, რომელსაც შარშან მაისში თურქმენეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა მოაწერეს ხელი“, – განაცხადა შევჩოვიჩმა.

თესალონიკის ცერემონიაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სატრანზიტო დერეფნის   „სანდო პარტნიორი“ და სამხრეთ დერეფნის „განუყოფელი ნაწილია“.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგანაც სწორედ დღეს ჩვენ ვიწყებთ ენერგოინდუსტრიის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან და კომპლექსურ პროექტს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს“, – დასძინა მან.
 
თესალონიკში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ასევე შეხვდა აშშ–ის სპეციალურ წარმომადგენელს საერთაშორისო ენერგეტიკის საკითხებში, ამოს ჰოხშტეინს.

ჰოხშტეინმა განაცხადა ცერემონიაზე, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის დასრულდება „კვლავაც მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგანაც ჩვენ გვინდა, რომ რეალურ დივერსიფიკაციას და ენერგო უსაფრთხოებას მივაღწიოთ ევროპის მასშტაბით“.