დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა პარტია ქართული ოცნება დატოვა

დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დატოვა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ლიდერებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის წინააღმდეგ მისი მხრიდან ბოლო დროს გახშირებული განცხადებები; მეჭიაურმა ახალი პარტიის შექმნა არ გამორიცხა.
 
„პარტია დავტოვე“, – განუცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებს 21 მაისს, პარტიის ოფისში ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატების პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.

პრემიერმა კვირიკაშვილმა, რომელიც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა და შემდეგ პარტიის ყრილობაზეც გაიმეორა, რომ ქართული ოცნების მომავალ საპარლამენტო გუნდში ვეღარ მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის დასავლურ კურსს ეჭვის თვალით უყურებენ.  მანამდე მან დასანანი უწოდა ნატოს წინააღმდეგ მეჭიაურის განცხადებებს, რომელიც  „არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს“.

პარტიის დატოვების მიუხედავად, მეჭიაურმა განაცხადა, რომ ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ და ასევე ფრაქცია ქართული ოცნების წევრად, ყოფილი თანაპარტიელებისვე თხოვნით, რჩება. 

„პარლამენტის ვადის ამოწურვამდე მხარს დავუჭერ ფრაქციის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ პრინციპულად მიაჩნიათ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ  პარტია ქართულ ოცნებასთან „ძალიან კეთილმოსურნე დამშვიდობებას“ თან „სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც“ ახლდა.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე დამოუკიდებლად ვიმოქმედებ და დანარჩენს უახლოეს ხანში გაცნობებთ. ალბათ პარტიას შევქმნი“, – განუცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებს შაბათს.

ის დეპუტატის რანგში ამ მოწვევის პარლამენტში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გასული წლის აპრილში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მეჭიაური 1995 და 1999 წლების მოწვევის პარლამენტების წევრიც იყო, როგორც ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი თიანეთის ერთმანდატიანი ოლქიდან.