‘კაბელების საქმეზე’ განაჩენის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა



"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პროკურატურასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს; მის გვერდით მისი თანაპარტიელი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე დგას, 21 მაისი, 2016 წელი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები შაბათს პროკურატურის წინ შეიკრიბნენ და თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხუთი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაგმეს.

აქციაზე გამოსვლისას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხუთი „უდანაშაულო“ ადამიანი ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პროკურატურასა და სასამართლოზე განხორციელებული „პოლიტიკური ზეწოლის“ შედეგად ჩასვეს ციხეში.

„ჩვენ ყველამ პირობა უნდა დავდოთ ერთმანეთის წინაშე, რომ არ გავუტარებთ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ამ უსამართლობას იმიტომ, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავალი გვინდა“, – განაცხადა ალასანიამ, რომელმაც პროკურატურას „უსამართლობის ხატება“ უწოდა.



"კაბელების საქმის" განაჩენის საპროტესტო აქციის მონაწილეები, 21 მაისი, 2016 წელი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბის ხუთი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო გაფლანგვაში და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს და 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ  2013 წელს  გამოცხადებულ  საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით.

ე.წ. „კაბელების საქმეს“ მმართველი კოალიციის გახლეჩა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოყვა, რის შემდეგაც მისმა ორმა თანაგუნდელმა მინისტრის პოსტები დატოვა.

„თავისუფალი დემოკრატები“ 2014 წლის ნოემბერში კოალიცია ქართული ოცნებას გამოეყვნენ. ალასანია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებდა.

 „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან ერთად აქციას ასევე ესწრებოდნენ  სხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან, ახალი მემარჯვენეებიდან და პაატა ბურჭულაძის პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა, რომელიც  ასევე შეუერთდა პროკურატურის წინ მიმდინარე აქციას, განაცხადა, რომ ეს არის „პოლიტიკურად მოტივირებული“ საქმე და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს ივანიშვილის „პირადი პატიმრები“ უწოდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ფრიდონ საყვარელიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა აქციას, განაცხადა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ „კაბელების საქმეში“ პოლიტიკური მოტივები თავიდანვე დაინახა.

ხუთივე დაკავებულმა თითქმის რვა თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, სანამ ისინი 2015 წლის ივნისში გათავისუფლდებოდნენ. 2015 წლის აგვისტოში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ოთხი გათავისუფლებული თავიანთ თანამდებობებზე აღადგინა – ორი მათგანი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტში, ხოლო დანარჩენი ორი გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტში. მეხუთე მსჯავრდებული, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი 2014 წლის ოქტომბერში დაკავების დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი აღარ იყო.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 21 მაისს, რომ მისი პარტია მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს პეტიციაზე, რომლის მოთხოვნაც დაკავებულების გათავისუფლება იქნება.



"კაბeლების საქმეზე" მსჯავდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მეუღლე პროკურატურასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს, 21 მაისი, 2016 წელი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ალასანიას თქმით, პარტია პეტიციას საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს. „ჩვენ გავაპროტესტეთ უსამართლობა პროკურატურასთან, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ სამართლიანობას ვიპოვით სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტში“, – განაცხადა მან.

ეროვნულმა ფორუმმა მოუწოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების გასათავისუფლებლად შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს.     

მარგველაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 18 მაისს, რომ ადვოკატები საქმის გასაჩივრებას გეგმავენ და ამიტომ მას არ უნდა, რომ მოვლენებს წინ გაუსწროს.

პროკურატურამ უარყო ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების თაობაზე და მათ „უსაფუძვლო“ უწოდა. მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, რომელმაც 19 მაისს უცხოელ დიპლომატებს საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აცხადებს, რომ ოპონენტები ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და საქმის პოლიტიზირების გზით მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)