მარგველაშვილი გმობს ძალადობას ზუგდიდში და გამოძიებისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნის წინ მომხდარი ძალადობა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერებმა სცემეს.
„მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული, არამედ ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ წაიკითხა, „იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
აღნიშნა რა, რომ ინციდენტების ამსახველი ვიდეოები და უამრავი მოწმე არსებობს, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცველები დამნაშავეებს გამოავლენენ და დასჯიან.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, სამართალდამცავი სტრუქტურების სწრაფი და ეფექტური რეაგირება მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. „გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, სადაც იმედია გამოთქმული, რომ სამართალდამცავები ამ გამოცდას ჩააბარებენ.