საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს



თავისუფლების მოედანზე 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ცერემონია გაიმართა. ფოტო: პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს, რაც თბილისში თავისუფლების მოედანზე, ორკვირიან ერთობლივ წვრთნებში მონაწილე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მარშით დაიწყო.  

98 წლის წინ ამ დღეს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა სამ წელიწადში, 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ ქვეყანა დაიპყრო. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.



ქართული არმიის იროკეზის ტიპის ვერტმფერენებმა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ცერემონიის დროს თავისუფლების მოედანს გადაუფრინეს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თავისუფლების მოედანზე განთავსებულია M1A2 „აბრამსის“ ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“, რომელთაც ორი დღის წინ ვაზიანის ბაზაზე დასრულებულ ერთობლივ სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი“ მიიღეს მონაწილეობა.  



სუხიშვილებმა თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ცერემონიის დროს ცეკვა „ხორუმი“ შეასრულეს, 26 მაისი, 2016 წელი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თავისუფლების მოედანზე მარშით  ჩაიარეს ამერიკელმა სამხედროებმა პირველი ბატალიონიდან, 64–ე ჯავშანსატანკო პოლკიდან და 173–ე სადესანტო ბრიგადიდან, ასევე ასეულმა გაერთიანებული სამეფოს მე–3 მსროლელთა პოლკიდან, რომელთაც ასევე მიიღეს მონაწილეობა ერთობლივ სწავლებებში.

ცერემონიაში ასევე მიიღო მონაწილეობა პოლონეთის არმიის საპატიო ყარაულმა, რომელიც თბილისში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდა.

ფიცის დადების ცერემონიალში წელს, პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობენ –  დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის, ლატვიის შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრები.



დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ცერემონიის დროს, 26 მაისი, 2016 წელი. ფოტო: პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია

პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მონაწილეობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში „ადასტურებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ – მარტო არ ვართ არც დღესასწაულის დროს და არც გაჭირვების დროს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენი პარტნიორები და მეგობრები აქ ჩვენთან იდგნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს თავისუფლებას ეს დასჭირდება“, – განაცხადა მან.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-12 ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების გვერდით იდგა.



საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-12 ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული, რომელიც ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაშია, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ცერემონიის დროს, 26 მაისი, 2016 წელი. ფოტო: პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია

23 მაისს საქართველოს შენაერთმა ნატოს რეაგირების ძალების სრულუფლებიანი წევრობის ფორმალური პროცესი დაასრულა და „ნატოს შეფასების მე–2 დონე“ გაიარა, რაც იმ შეფასებების იდენტურია, რომელსაც ნატოს წევრები ახორციელებენ საკუთარი სამხედრო შენაერთებისთვის.

„დღეს პირველად აქ, თავისუფლების მოედანზე დგას ნატოს ქართული ასეული და ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენ ჩვენს ბუნებრივ, ისტორიულ ოჯახში დაგვაბრუნებს, ევროპულ, ევრო–ატლანტიკურ ოჯახში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

432 ახალწვეულის ფიცის დადების ცერემონია ქვეყნის მასშტაბით ექვს ადგილას გაიმართა, მათ შორის თავისუფლების მოედანზე.



თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაში ამერიკელმა სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა, 26 მაისი, 2016 წელი. ფოტო: პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 25 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ თავისუფლებისკენ დაიწყო სვლა.

“თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების შექმნილი თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ადამიანი არა მარტო თვითონ არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს სცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „აფხაზ და ოს თანამემამულეებსაც“ მიულოცა.

თავის გამოსვლაში მან ასევე პატივი მიაგო გიგა ოთხოზორიას ხსოვნას, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა 19 მაისს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოთხოზორია „ოკუპაციის“ მსხვერპლია. 

ზუგდიდში, სადაც 26 მაისს ოთხოზორია დაასაფლავეს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები არ გაიმართა.



პოლონეთის არმიის საპატიო ყარაულის ოცეული თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაში მონაწილეობს, 26 მაისი, 2016 წელი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა თავის სიტყვაში: „ჩვენს სამშობლოს ბევრი ტკივილი და გამარჯვება უნახავს, მაგრამ დღევანდელი დღე, დღევანდელი მიღწევები და პერსპექტივები, იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში. ჩვენს ქვეყანას წინ აქვს დიდი წარმატებები და გამარჯვებები თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებებს ჩვენ, აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მივაღწევთ, შევძლებთ ტკივილის დაძლევას და უკეთესი მომავლისკენ ერთად განვაგრძობთ გზას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)