ერთნაირი სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების საკონსტიტუციო აკრძალვაზე დებატები გაიმართა
პარლამენტმა 27 მაისს პირველი მოსმენით განიხილა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრას ისახავს მიზნად.
თუმცა უცნობი რჩება, როდის ან საერთოდ თუ დადგება კანონპროექტი კენჭისყრაზე.
ნებისმიერ საკონსტიტუციო ცვლილებას სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება და კენჭისყრა ვერ გაიმართება, თუ დეპუტატების ეს მინიმალური რაოდენობა არ იმყოფება სხდომათა დარბაზში.
ამჟამად, საპარლამენტო სხდომებს ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ბოიკოტს უცხადებენ; მათ სხდომათა დარბაზი 25 მაისს დატოვეს და განაცხადეს, რომ არ დაესწრებიან სხდომებს, სანამ სოფელ კორცხელში 22 მაისს მომხდარი ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაისჯებიან.
ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება სამი მოსმენით მიიღება იმ დათქმით, რომ კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენებით განიხილება და მიიღება ერთსა და იმავე სესიაზე, ხოლო მესამე მოსმენით განიხილება და მიიღება მხოლოდ პარლამენტის მომდევნო სესიაზე, მეორე მოსმენით მიღებიდან არანაკლებ სამი თვის შემდეგ.
ქართული ოცნების და მისი ზოგიერთი პარტნიორი პარტიის დეპუტატები არ გამორიცხავენ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიცირებას იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ მიიღებს შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებას.
ინიციატივის ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველოში ეს საკითხი არ დგას და კანონპროექტი მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების დასაწერად წამოწია.
უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა „პოპულისტური“ ნაბიჯია საპარლამენტო არჩევნების წინ და ის ლგბტ თემის შემდგომ მარგინალიზაციას ახდენს და ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების შემდგომ გაღვივებას უწყობს ხელს.
- მარგველაშვილი: ერთნაირი სქესის მქონე პირთა შორის ქორწინების საკონსტიტუციო შეზღუდვა „ქარიშხალია ჭიქაში“
- ქორწინების განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების სამართლებრივი პროცედურები დაიწყო
- ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციაში ქორწინების ქალის და კაცის ერთობად განსაზღვრის საკითხი კვლავ წამოწია
უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, აპრილის ბოლოდან მოყოლებული სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით თავდასხმის სულ ცოტა ხუთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი; ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს 21 მაისს ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატივა პირველად მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის მარტში გაახმოვანა, ხოლო ამჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის 2016 წლის მარტის დასაწყისში კვლავ წამოწია. საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება 80–მა დეპუტატმა მოახდინა – მათი უმეტესობა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, ასევე თავისუფალი დემოკრატების 8 დეპუტატიდან შვიდი. რესპუბლიკური პარტია, რომელიც ასევე მმართველი კოალიციის წევრია, გაემიჯნა ინიციატივის წარდგენის პროცესს, თუმცა მისმა ორმა დეპუტატმა მაინც დაუჭირა მხარი კანონპროექტის ინიცირებას.
დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია, განაცხადა დებატების დროს 27 მაისს, რომ საკითხი მკაფიო უნდა გახდეს კონსტიტუციაში და ქორწინება მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. მისი თქმით, ბავშვს აქვს უფლება, რომ ჰყავდეს კაცი მამა და ქალი დედა.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მოქმედ რედაქციაში წერია, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.
ინიციატივის თანახმად კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი ფორმულირებით უნდა ჩამოყალიბდეს: „ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი აზუსტებს, რომ ქორწინება არის „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი“, რაც კრძალავს ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინებას.
კანონპროექტის სასარგებლოდ საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალობა მხოლოდ ამ საუკუნის სენი და პრობლემა არ არის.
მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარი საკონსტიტუციო ცვლილება იმ მცდარ აზრთან დაპირისპირებაში დაეხმარება, რომ თითქოს ევროპა საქართველოს ერთნაირი სქესის მქონე პირებს შორის ქორწინებას ახვევს თავს.
დეპუტატები თავისუფალი დემოკრატებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ კანონპროექტს, სწორედ ამ არგუმენტს ასახელებენ ინიციატივის მხარდაჭერის მიზეზად და აცხადებენ, რომ ქორწინების განსაზღვრა კონსტიტუციაში პრო-რუსულ ძალებს თავიანთ მცდარ არგუმენტს გაუქარწყლებს იმის თაობაზე, რომ თითქოს ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ერთნაირი სქესის მქონე პირებს შორის ქორწინება მოახვიოს თავს.
რესპუბლიკური პარტია, რომელიც ასევე მმართველი კოალიციის წევრია, გაემიჯნა ინიციატივის წარდგენის პროცესს, თუმცა მისმა ორმა დეპუტატმა მაინც დაუჭირა მხარი კანონპროექტის ინიცირებას. მათი თქმით, ამგვარი საკონსტიტუციო ცვლილება, ერთი მხრივ, უაზრობაა, რადგანაც ეს საკითხი საქართველოში არ დგას, ხოლო მეორე მხრივ, შეუძლებელი იქნება მისი მიღება მოქმედ პარლამენტში.
27 მაისს დებატების დროს საუბრისას რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიას კვლავ მიაჩნია, რომ კანონპროექტის ინიცირება უაზრობა იყო, ვინაიდან ის წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგანაც სხდომათა დარბაზში არ არის 113 დეპუტატი იმისათვის, რომ საკითხი კენჭისყრაზე დადგეს.
მან განაცხადა, რომ ამ სენსიტიური საკითხის საარჩევნო კამპანიისას გამოყენებამ შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს და დასძინა, რომ არასწორი იქნება, თუ პარტიები მას პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენებენ.
„მე მესმის თქვენი პოლიტიკური მოტივაცია და ახსნაც, რომ არ დავუტოვოთ ეს თემა პრორუსულ ჯგუფებს საპროვოკაციოდ, პოპულისტობისთვის. მაგრამ ვერ იღებს ეს პარლამენტი ამას. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, რომ ნუ ვაქცევთ ამ თემას ძალიან აქტუალურ საარჩევნო პროპაგანდისტულ თემად. ეს დაძაბავს ურთიერთობას“, – განაცხადა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა.
რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთმა წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ პარლამენტი ტყუილად კარგავს დროს „აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტის“ განხილვაზე.
„დღეს რაც ხდება პარლამენტში, არის უსაქმურობა, რადგან აბსოლუტურად არასაჭირო კანონზე მსჯელობა ხდება. მითუმეტეს, რომ არ არის მისაღები ის ფორმა, რა ფორმითაც და ტექსტებითაც საუბრობს მომხსნებელი. უბრალო მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ შეიძლება იყოს,” – განაცხადა თამარ კორძაიამ.