პრემიერმა კვირიკაშვილმა განათლების მინისტრი შეცვალა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 3 ივნისს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა, რომელმაც ამ პოსტზე თამარ სანიკიძე შეცვალა.
ეს პირველი საკადრო ცვლილებაა მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილმა დეკემბრის ბოლოს მთავრობის მეთაურის პოსტი ჩაიბარა.
ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე იყო.
„ნამდვილად გვჭირდება დღეს უკვე განახლებული ხედვები ჩვენი განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა ახალი „ღირებული კადრის“ წარდგენისას, რომელსაც, მისი თქმით, 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მართვის, განათლებისა და ინოვაციების სფეროებში.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თამარ სანიკიძეს, რომელიც ასევე ესწრებოდა მისი შემცვლელის წარდგენას, „ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯებისთვის“ და განაცხადა, რომ ის რჩება გუნდში „ახალი მანდატით“, რომელიც ამ ეტაპზე არ დაასახელა.
თამარ სანიკიძე განათლების სამინისტროს 2013 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა, დაწინაურდა რა მოადგილეობიდან ამ პოსტზე მას შემდეგ, რაც მაშინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო გადადგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)