პრეზიდენტმა 8 ოქტომბრის არჩევნები დანიშნა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 3 ივნისს გამოსცა სამართლებრივი აქტი საქართველოს პარლამენტის და ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბრძანებულება უკვე გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს კონტრასიგნაციისთვის, რის შემდეგაც აქტი ძალაში შევა, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე უკვე ოფიციალურად დაიწყება და ამოქმედდება მთელი რიგი შემზღუდავი რეგულაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის და ასევე მედიის მიერ კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფის კუთხით.
ეს 8 ოქტომბრის არჩევნების თარიღთან დაკავშირებული უკვე მეორე ბრძანებულებაა პრეზიდენტის მხრიდან. აპრილში გამოცემული პირველი ასეთი აქტი ძალაში არ შესულა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციებს შორის გაუგებრობის გამო, რაც მოგვიანებით ამოიწურა და რომელიც ასევე უკავშირდებოდა საარჩევნო კამპანიის ხანგრძლივობის შემჭიდროვების სურვილს, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივით.
კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში სარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ანაზღაურება უორმაგდებათ, თუმცა კანონით ეს პერიოდი ზუსტად არ არის განსაზღვრული.
ამ და სხვა საკითხების, მათ შორის ცესკოს წინადადებების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, პარლამენტის იურდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები წარადგინა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 3 ივნისს დაამტკიცა.
კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო პერიოდის დასაწყისად არჩევნებამდე 60 დღით ადრე პერიოდი, ხოლო დასასრულად საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღე განისაზღვრა.
ცვლილებები ასევე ეხება საარჩევნო კამპანიის დროს უფასო საეთერო დროის განაწილების საკითხებსაც. კერძოდ, უფასო საეთერო დროით ისარგებლებს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას წინა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში მიღებული 3%-იანი შედეგის მიხედვით იღებს. ამჟამად მოქმედი ნორმით, უფასო საეთერო დროით სარგებლობა კვალიფიციურ პარტიებს და ასევე, საარჩევნო ბლოკში მხოლოდ პირველ ნომრად შემავალ პარტიას შეუძლია.
ცვლილებების შედეგად უფასო საეთერო დროის ლიმიტის გაზრდის გარეშე მოსარგებლეთა რაოდენობა 5-დან (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; ნაციონალური მოძრაობა; პატრიოტთა ალიანსი; ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია) 11 პარტიამდე გაიზრდება ანუ ცალკე დაემატება ის 5 დანარჩენი პარტია, რომლებიც ქართული ოცნების ბლოკში იყვნენ გაერთიანებულნი და ამ ეტაპზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აქვთ დეკლარირებული არჩევნებში მონაწილეობა და ესენი არიან: რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორები, მრეწველები, ეროვნული ფორუმი; და ასევე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში მყოფი საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია.
თუ არსებული მდგომარეობით 5 პარტიას უწევს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიაში საათში 5 წუთის, ხოლო სხვა მაუწყებლებზე საათში 2.5 წუთის განაწილება უფასო რეკლამის განსათავსებლად, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ეს ფიქსირებული დრო 11 სუბიექტზე უნდა გადანაწილდეს, რასაც ბურჯანაძის პარტია, პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტული პარტია მწვავედ აპროტესტებენ, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მდგომარეობის გაუარესებისკენ გადადგმულ „უსამართლო“ ნაბიჯს.
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, გასაჩივრების ვადების დაცვის მიზნით, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ასარჩევად მეორე ტურის ჩატარების ვადა საერთო არჩევნების დღიდან განსაზღვრული 14 დღის ნაცვლად, იზრდება მაქსიმუმ 25 დღემდე. შესაბამისად, ამავე ცვლილებებით, ცესკო პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს მე-19 დღისა აჯამებს და ამავე ვადაში ადგენს საბოლოო შემაჯამებელ ოქმს იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურები არ დაინიშნა, რისი ალბათობაც ნაკლებია მაჟორიტარის ასარჩევად დაწესებული 50%-იანი ბარიერის პირობებში; მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, კი საბოლოო შემაჯამებელი ოქმი მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა გამოიცემა. ამ ცვლილებების შესაბამისად დგინდება ასევე პარლამენტის პირველი შეკრების ახალი ვადებიც – პარლამენტი არჩევნების დღიდან 20 დღის განმავლობაში იკრიბება, თუ მეორე ტური არ დაინიშნა; ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში, მეორე ტურის დღიდან 20 დღის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი პარლამენტის პირველი სხდომა შესაძლოა არჩევნების დღიდან მაქსიმუმ 45 დღეში გაიმართოს.
საარჩევნო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების ერთ-ერთი წამყვანი საკითხია ასევე კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აპრილში მიღებულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კანონპროექტი მერობისა და გამგებლების დამოუკიდებელ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს აძლევს უფლებას მერობის და გამგებლების კანდიდატები წარადგინონ.
ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, 2017 წლის ოქტომბერში, როცა მორიგი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, პარტიულთან ერთად უკვე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატებიც შეძლებენ 12 თვითმმართველ ქალაქში მერებად, ხოლო 59 მუნიციპალიტეტში გამგებლებად კენჭისყრას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)