თავდაცვის მინისტრი ავღანეთს ეწვია

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში  მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ეწვია.

ვიზიტის დროს, რომელიც უკვე მესამეა მას შემდეგ, რაც ხიდაშელმა 2015 წლის მაისში თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა, მან მტკიცე მხარდაჭერის მისიის სარდლის პირველ მოადგილესთან, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ სენდი სთორისთან გამართა შეხვედრა.

კვირას მან ქაბულში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ბაზაზე ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

მემორიალზე ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში დაღუპული 31 ქართველი სამხედროს გვარებია დატანილი. სულ ბოლოს ქართველი სამხედრო ავღანეთში 2015 წლის სექტემბერში დაიღუპა.

საქართველო 861 სამხედრო მოსამსახურით მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო ნატოს მისიაში ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების (6 954 სამხედრო) და გერმანიის (980 სამხედრო) შემდეგ. 

ქართველი სამხედროები, რომელთა მოვალეობებიც უსაფრთხოებასა და სწრაფი რეაგირების ქმედებებზეა ფოკუსირებული, ქაბულში, ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი.