საპარლამენტო არჩევნების თარიღის ოფიციალურ დანიშვნასთან ერთად საარჩევნო კამპანია დაიწყო
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულება საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე ოფიციალურად შევიდა ძალაში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის შედეგად ეს ნორმატიული აქტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ასევე 8 ოქტომბერს გაიმართება.
ბრძანებულების ძალაში შესვლა ასევე ნიშნავს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას 8 ივნისიდან, რაც ასევე იწვევს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მთელი რიგი შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედებას, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის კუთხით.
„ოთხი თვე გვაშორებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს – ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გავიაროთ და კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც იქნა ნაჩვენები როგორც [2013 წლის] საპრეზიდენტო, ასევე [2014 წლის] ადგილობრივი არჩევნების დროს არათუ უნდა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა 8 ივნისს, როცა მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სარჩევნო შტაბის უფროსად წარადგინა.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს“, – განაცხადა მან.