„რუსთავი 2“–ის საქმის სააპელაციო განხილვა დასრულდა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავაზე საქმის განხილვა 7 ივნისს დაასრულა, ხოლო განაჩენს, გავრცელებული ინფორმაციით, 10 ივნისს გამოაცხადებს.
სააპელაციო სასამართლოში საქმეზე შვიდი სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც ხშირად ჰქონდა ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას, „რუსთავი 2“–ის მხარის მიმართ ჯარიმების დაწესებას და ზოგ შემთხვევაში მათი სასამართლოს დარბაზიდან გაძევებასაც.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს იმ შემთხვევაში, თუ ამას მხარეები გადაწყვეტენ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას, განაჩენის აღსრულებამდე, უზენაესი სასამართლო მიიღებს.
სასამართლოში საქმე ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის აგვისტოში აღძრა, რომელიც ყველაზე ყურებად ტელევიზიაში საკუთარი წილის დაბრუნებას ცდილობს. ამჟამად, ტელეკომპანიის 91%–იანი წილის მფლობელები ძმები, გიორგი და ლევან ყარამანიშვილები, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლობლები არიან.
„რუსთავი 2“ და ბევრი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ სასამართლოს საქმე არის მთავრობის და კერძოდ ექს–პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ ყველაზე ყურებადი და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია ჩაიგდოს ხელში.
2015 წლის ნოემბრის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელმა მფლობელებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ასევე ნოემბერში, იგივე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რის შედეგადაც გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსური სამსახურის უფროსი კახა დამენია დროებით მმართველებს უნდა შეეცვალათ. ამას საერთაშორისო დაგმობა მოჰყვა, რომლის დროსაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება „სერიოზულ კითხვებს აღძრავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და საქართველოში მედიის თავისუფლების რეალური ხარისხის შესახებ“.
ერთი კვირის თავზე, 2015 წლის 12 ნოემბერს, მოსამართლემ გააუქმა თავისი ადრინდელი გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“–ის მენეჯმენტი, მათ შორის ნიკა გვარამია, თანამდებობაზე აღადგინა.
ივანიშვილი: „რუსთავი 2“–ის მენეჯმენტის არჩევნების წინ შეცვლა ‘არასასურველია’
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც 7 ივნისს ქართულ ტელევიზიებთან 2.5 საათიანი ინტერვიუ გამართა და რომელიც უარყოფს რაიმე მონაწილეობას „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავაში, განაცხადა, რომ მისი სურვილია, რომ „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელი მენეჯმენტი ადგილზე დარჩეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, რადგანაც ქვეყნისთვის საზიანო იქნება, თუ ტელეკომპანია საარჩევნო პერიოდის დროს სარედაქციო პოლიტიკას შეიცვლის.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ „რუსთავი 2“–ის საკუთრების თაობაზე მიმდინარე სამართლებრივი დავა არჩევნებამდე ხალვაშის სასარგებლოდ დასრულდება, მათ შორის ბოლო ინსტანციის სასამართლოში, ის სთხოვს ქიბარ ხალვაშს, რომ დაიცადოს და ტელეკომპანიის მენეჯმენტი არჩევნების დასრულებამდე არ შეცვალოს. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა გადაუხადოს ხალვაშს რაიმე ფინანსური დანაკარგების საკომპენსაციოდ.
„ახლა მენეჯმენტის შეცვლა ტელევიზიაში აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და არასასურველი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ევროპაში და ამერიკაში ძალიან გაუჭირდებათ იმის გაგება“, რომ არჩევნებამდე 3–4 თვით ადრე შეიცვალოს გვარამია და არხის მენეჯმენტი.
მისი თქმით, „რუსთავი 2“–ის მენეჯმენტის შეცვლა არ გამოიწვევს მასშტაბურ ქუჩის აქციებს საქართველოში, თუმცა საერთაშორისო დონეზე ამას ძალიან უარყოფითი შედეგები მოყვება საქართველოსთვის.
ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“–ის საქმეზე არჩევნებამდე ვერ მიიღებს, ვინაიდან საქმის განხილვა, სავარაუდოდ, უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება.
„თუ ეს მაინც მოხდა, მე პირადად გარანტად დავუდგებოდი, ხალვაში იქნებოდა, თუ დვალი, თუ ორივე ერთად და ვთხოვდი და ფინანსურ გარანტად დავუდგებოდი, რომ თუ რამე ზარალს ნახავენ პირადად ავუნაზღაურებ. თუ მოხდა და სასამართლო დასრულდა უფრო ადრე და მათ სასარგებლოდ, არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს და საფასურად ჩემგან მოითხოვონ რაც უნდათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ის ეთანხმება აშშ–ის ელჩს იან კელის, რომელმაც განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ის მენეჯმენტის და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა წინასაარჩევნო პერიოდში „ძალიან საზიანო იქნება საქართველოს იმიჯისთვის და მისი დემოკრატიული მისწრაფებებისთვის“. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლოს ის აშშ–ის ელჩს 6 ივნისს შეხვდა.
საქმის მოსმენა სააპელაციო სასამართლოში
სააპელაციო სასამართლოში საქმის მოსმენის დროს „რუსთავი 2“–ისა და მისი ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატებმა რამდენჯერმე ამაოდ დააყენეს შუამდგომლობა სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის აცილების მოთხოვნით, ვინაიდან მას ხალვაშის სასარგებლოდ მიკერძოებაში და ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებაში სდებდნენ ბრალს.
1 ივნისს „რუსთავი 2“–ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც ეუბნებოდა მოსამართლეებს, რომ მათი განაჩენი წინასწარ იყო დაწერილი ხალვაშის სასარგებლოდ, განაცხადა, რომ სამი მოსამართლიდან ერთ–ერთი, ნათია გუჯაბიძე, რომელიც კოლეგიაში შედის, „თაღლითობაში“და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში იყო შემჩნეული. მისი თქმით, დაახლოებით ორი წლის წინ, სახელმწიფო მას ბინის ქირას უხდიდა – სახელმწიფოს ხარჯზე კანონი იმ მოსამართლეების ბინის ქირაობას ითვალისწინებს, რომელთაც სამუშაო ქალაქში სახლი არ აქვთ. მაგრამ გვარამიამ განაცხადა, რომ ბინა, სადაც მოსამართლე სახელმწიფო ქირავნობის საფუძველზე ცხოვრობდა, დედამისის იყო. გვარამიას თქმით, პროკურატურამ იცოდა ამ არამიზნობრივი ხარჯის შესახებ, თუმცა ამას გავლენის ბერკეტად იყენებდა გუჯაბიძის მიმართ, რომელიც 2005 წლის შემდეგ მოსამართლეა.
ამ კუთხით, პარალელები გაივლო იმ მოსამართლესთან, რომელიც შარშან „რუსთავი 2“-ის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავდა და რომლის დედასაც ბრალი ჰქონდა წარდგენილი ოჯახურ ინციდენტთან დაკავშირებით; მაშინ „რუსთავი 2“–მა და მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დედის მიმართ წაყენებული ბრალი ხელისუფლებამ მოსამართლე ურთმელიძეზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენა.
მართალია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მთლიანად არ უარყო ბინის ქირავნობის საკითხი, მაგრამ მან უარყო ის, რომ რაიმე კანონდარღვევა აღმოაჩინა მოსამართლე გუჯაბიძის ქმედებებში. 3 ივნისის სხდომაზე, მოსამართლე გუჯაბიძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამოთქმული მცდარი ბრალდებები ვერ მოახდენს მასზე გავლენას საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
„რუსთავი 2“–ის და მისი ამჟამინდელი მფლობელების ადვოკატები შუამდგომლობის დაყენებას შეეცადნენ მოსამართლე გუჯაბიძის აცილებაზე იმ მოტივით, რომ წამოყენებულმა ბრალდებებმა მისი ობიექტურობა შელახა.
მოსამართლეებმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს ისე, რომ არც განუხილავთ და განაცხადეს, რომ ამ შუამდგომლობის დაყენების მიზანი პროცესის გაჭიანურება იყო. ამ განცხადებამ ადვოკატები გააბრაზა, რასაც შემდეგ მოსამართლეებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა, რომლებმაც ჯერ დააჯარიმეს სამი ადვოკატი, ხოლო შემდეგ ორი მათგანი დარბაზიდან გააძევეს სასამართლოს „უპატივცემულობის“ მოტივით; მომდევნო პროცესებს მხოლოდ ის სამი ადვოკატი ესწრებოდა, რომლებიც „რუსთავი 2“–ის მფლობელებს, ძმებ ყარამანიშვილებს წარმოადგენდნენ; მათგან ორი 7 ივნისს 500–500 ლარით დააჯარიმეს ისევ მოსამართლეებთან კამათში ჩართვის გამო.
„რუსთავი 2“–ის დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოს დარბაზიდან 31 მაისს გააძევეს სასამართლოს „უპატივცემულობის“ გამო მას შემდეგ, რაც მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მოსამართლეებთან; მას დანარჩენ პროცესებზე დასწრების უფლება აღარ მისცეს. გვარამია დარბაზიდან შარშანაც გააძევეს, როდესაც საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა.
ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოება ასევე ფოკუსირებული იყო ერთ–ერთ მთავარ მტკიცებულებაზე, რომელსაც მოსარჩელის საქმე ეფუძნება.
თავის სარჩელში, ხალვაში აცხადებს, რომ ის 2006 წელს ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აიძულა, რომ „რუსთავი 2“ გაეყიდა.
მოსარჩელის მთავარი მტკიცებულება ასევე შეიცავს 2005–2006 წლებში „რუსთავი 2“–ის წილების ღირებულების შეფასების ანგარიშს. ამ ანგარიშით ხალვაში იმის ჩვენებას ცდილობს, რომ მას ცხრა წლის წინ ბევრად უფრო იაფად მოუწია „რუსთავი 2“-ის წილების გაყიდვა, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო. შეფასების დოკუმენტი მოსარჩელის დაკვეთით საქართველოს სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა, შოთა ივანაშვილმა მოამზადა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ნაშთების საფუძველზე.
ქვედა ინსტანციის სასამართლოში მოსმენების დროს „რუსთავი 2“–ის ადვოკატები ამაოდ ეცადნენ, რომ ეს მტკიცებულება გაებათილებინათ იმ საფუძვლით, რომ ის საეჭვო ბუღალტრულ ნაშთებს ეფუძნებოდა. სააპელაციო სასამართლოში მათ იგივე არგუმენტები წარმოადგინეს და განაცხადეს, რომ ანგარიში საერთაშორისო შეფასების სტანდარტებით არ იყო მომზადებული.
„რუსთავი 2“–ის მფლობელობა რამდენჯერმე შეიცვალა მას შემდეგ, რაც ხალვაშმა საკუთარი წილი გაყიდა და სანამ 2011 წელს ძმები ყარამანიშვილები გახდებოდნენ მისი მთავარი მფლობელები. მაგრამ ხალვაში აცხადებს, რომ მესაკუთრეთა ყველა ეს ცვლილება ფიქტიური იყო და ძმები ყარამანიშვილებიც „რუსთავი 2“–ის ნომინალური მფლობელები არიან, რადგან რეალურად ტელევიზიას სააკაშვილი აკონტროლებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)