აშშ–ის ოფიციალური პირების თქმით, დახმარება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებზე იქნება ფოკუსირებული
ამერიკის შეერთებული შტატები უსაფრთხოების სფეროში საქართველოს დახმარების პროგრამებში და ნატო–საქართველოს ურთიერთობებში მეტ ყურადღებას მიაქცევს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას, განაცხადეს პენტაგონის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 7 ივნისს.
რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ–ის წვრთნისა და დახმარების პროგრამები ფოკუსირებული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებაზე საერთაშორისო მისიებში, მათ შორის ავღანეთში, განთავსებისთვის.
„ახლა, ჩვენ ვაპირებთ, რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებას მათი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა კარპენტერმა, რომელიც თბილისს მაისში სტუმრობდა, როცა საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ იმართებოდა.
„არ ვაპირებთ, რომ მუდმივად განვათავსოთ სამხედროები ადგილზე [საქართველოში], მაგრამ ნამდვილად ვაპირებთ, რომ საქართველოსთან ჩვენი სწავლებების და წვრთნების ტემპი გავზარდოთ“, – განაცხადა კარპენტერმა და დასძინა, რომ 2008 წლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 480 მილიონი დოლარი დახარჯა.
როდესაც იმავე მოსმენაზე რესპუბლიკელმა სენატორმა დევიდ პერდიუმ ჰკითხა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდს, თუ რა ისეთი გაკვეთილები იქნა გამოტანილი საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შედეგად, რომლის გამოყენებაც უკრაინის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი, მან უპასუხა, რომ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დროს აშშ ბოლო ათწლეულის მანძილზე აქცენტს უფრო ავღანური მისიისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებაზე აკეთებდა და „შესაძლოა საკმარისად არ გამახვილებულა ყურადღება საქართველოს შიდა უსაფრთხოების გაძლიერებაზე“.
„სწორედ ამიტომ ვცდილობთ კორექტირება შევიტანოთ არა მხოლოდ აშშ–საქართველოს ურთიერთობებში, არამედ ნატო–საქართველოს ურთიერთობებშიც“, – განაცხადა ნულანდმა და დასძინა, რომ კიდევ ერთი გაკვეთილი ის არის, რომ რუსული ზეწოლის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება წარმატებული, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა და ამიტომაც სახელმწიფო დეპარტამენტის ბევრი პროგრამა სწორედ ამ პრიორიტეტისკენ არის მიმართული, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისკენ.
როდესაც ნულანდს ჰკითხეს, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს ვარშავის სამიტისგან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე პოზიცია, რომ აშშ–საქართველოს და ნატო–საქართველოს ურთიერთობებში მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებზე. მან ასევე განაცხადა, რომ სამიტზე იმის გამეორება მოხდება, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ითქვა – მაშინ ალიანსმა განაცხადა და მას შემდეგ არაერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო ოდესმე გახდება ნატოს წევრი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)