საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავის ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს პარიზში შეხვდა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 14 ივნისს.

„ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან აქტიურ ფაზაშია შესული“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა შეხვედრის შემდეგ, „იცის საზოგადოებამ, რომ საფრანგეთი აქტიურად და ქმედითად გვეხმარება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარების და ავიაციის დარგში“.

საქართველომ პარიზში შარშან ზაფხულში მოაწერა ხელი ორ კონტრაქტს, რომლებიც 77.63 მილიონი ევროს ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას ეხება. ინფორმაცია, თუ რა ტიპის აღჭურვილობას და მომსახურებას იძენს საქართველო, კვლავ კონფიდენციალურია.

თინა ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მოლოდინები ნატოს მოახლოებული სამიტისგან, რომელიც 8–9 ივლისს ვარშავაში გაიმართება. 

„ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე, იმ თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებზე, რომლის განვითარებაში,  პროგრესის მიღწევაში საფრანგეთის სახელმწიფო ჩვენ გვერდით დგას და გვეხმარება. იმედი არის, რომ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა გვექნება უკვე 2017 წლიდან სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.