ჟენევის მოლაპარაკებებზე ხურჩაში მომხდარი მკვლელობა განიხილეს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს 15 ივნისს გამართული 36-ე რაუნდის შემდეგ, რომ შეხვედრის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს ხურჩის ინციდენტი.
საქართველოს მოქალაქეს, გიგა ოთხოზორიას 19 მაისს რამდენიმე ტყვია ესროლა, სავარაუდოდ, აფხაზმა მესაზღვრემ. ხურჩაში მომხდარი მკვლელობა სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, რომელიც შემდეგ ქართულმა ტელევიზიებმაც გაუშვეს და სადაც ჩანს მომენტი, რომ გიგა ოთხოზორიას საკონტროლო გასროლით კლავენ.
აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ მან ბრალი წაუყენა თავის მესაზღვრეს, რომელიც ოთხოზორიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი; თუმცა, ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის. ეჭვმიტანილს ბრალი ასევე წაუყენა საქართველოს პროკურატურამაც.
ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან, განაცხადეს ოთხშაბათს გამართული რაუნდის შემდეგ, რომ მათ „ამ ძალიან სამწუხარო დანაშაულის გარშემო არსებული გარემოებების სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ, ყველა შესაბამის მხარეს შორის თანამშრომლობისა და დამნაშავის დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდეს“.
ჟენევის მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის მომლაპარაკებლები, ასევე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების მონაწილეებს „დამატებითი ინფორმაცია“ მიაწოდა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და „კატეგორიულად მოითხოვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება“.
„სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გააჩნდათ ღირებული ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ „უპასუხისმგებლო მიდგომა“ გამოიჩინა საქმის მიმართ. მისი თქმით, მოლაპარაკებების ყველა მონაწილე, რუსეთიც კი მოუწოდებდა აფხაზურ მხარეს, რომ დამნაშავე უნდა დააკავონ.
რუსეთის საგარეო უწყებამ, რომელსაც მოლაპარაკებებზე მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი წარმოადგენს, განაცხადა, რომ მონაწილეებმა „იმედი გამოთქვეს, რომ აფხაზეთის ხელისუფლება აწარმოებს გამოძიებას 19 მაისის ტრაგიკულ ინციდენტზე… თავისი ეროვნული კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და ინფორმაციას ამის თაობაზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიაწვდის“.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეიქმნა, წარმოადგენს ფორმატს, რომლის ფარგლებშიც რეგულარულ საფუძველზე განიხილება ადგილზე არსებული უსაფრთხოების საკითხები. აფხაზეთის მიმართულებით ამგვარი შეხვედრები ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მაისის ბოლოს აღდგა. მომდევნო შეხვედრა გალში 6 ივლისს არის დაგეგმილი.
სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხურჩის ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს; მან მოუწოდა თბილისს, რომ „ინციდენტის პოლიტიზირებას ნუ ახდენს, ნუ ქმნის დაძაბულობის დამატებით წყაროს და ნება მისცეს აფხაზეთის კომპეტენტურ ორგანოებს ობიექტური გამოძიება ჩაატარონ“.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 6 ივნისს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზური მხარე დაუყონებლივ არ დააკავებს იმ პირს, რომელმაც გიგა ოთხოზორია მოკლა, „უაღრესად გართულდება“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების გაგრძელება, ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგი და ნდობის აღდგენა მხარეებს შორის.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ორ სამუშაო ჯგუფში იმართება, სადაც უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.
იმ საკითხებს შორის, რომლებიც რეგულარულად განიხილება ჟენევის დისკუსიებზე, არის ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა, ასევე დევნილთა დაბრუნება, რაზეც მონაწილეები პროგრესს ვერ აღწევენ.
სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა რუსული მხარის მხარდაჭერით დატოვეს დისკუსიები, როდესაც საქმე დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხს შეეხო. მათი თქმით, თბილისი საკითხის „პოლიტიზირებას“ ახდენს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად იმ რეზოლუციის ინიცირებით, რომელიც ლტოლვითა და დევნილთა დაბრუნებას ითხოვს. ბოლო რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 7 ივნისს მიიღო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოხუმი და ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ამ მიზეზის გამო დატოვეს.
ჟენევის დისკუსიების მომდევნო, 37–ე რაუნდი 4–5 ოქტომბრისთვის დაიგეგმა.