ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელეს
ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო აღიარებს, რომ საქართველომ „დაუჯერებლად კარგი სამუშაო“ შეასრულა ყველა იმ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, რომელიც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის არის საჭირო და ეს ფაქტი „რაც შეიძლება სწრაფ აღიარებას იმსახურებს“, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ 20 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეხვედრაზე განხილვის ერთ–ერთი თემა იყო, თუმცა რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმებოდა.
საქართველოს იმედები, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარე ზაფხულში დასრულდებოდა, გერმანიის მიერ ბოლო მომენტში გამოთქმული წინააღმდეგობის გამო შემცირდა.
ევროკავშირის ზოგიერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოს საკითხი ვიზალიბერალიზაციის გამარტივებული შეჩერების მექანიზმს უკავშირდება – ეს პოზიცია გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში 15 ივნისს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. თუმცა, მან ასევე მიანიშნა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის შესაძლოა ასევე დაკავშირებული იყოს უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხთანაც, რასაც, როგორც თბილისში მიიჩნევენ, შესაძლოა პროცესის შემდგომი გაჭიანურება მოყვეს საქართველოსთვის.
- მერკელის თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან კოორდინაციაში
- ევროკავშირის მინისტრები ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის
- კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: საქართველომ თავისი წილი შეასრულა, ახლა ჯერი ევროკავშირზეა
- საქართველოს და გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ბერლინში ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელეს
- მარგველაშვილი ბრიუსელში დონალდ ტუსკს შეხვდა
- კვირიკაშვილმა და მერკელმა სატელეფონო საუბრისას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე ისაუბრეს
ინიციატივა, რომელსაც ევროკავშირის მინისტრებმა 20 მაისს დაუჭირეს მხარი და რომელსაც ასევე ესაჭიროება ევროპარლამენტის მხარდაჭერა, ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის გამარტივებული პროცედურით შეჩერებას, 6 თვის ნაცვლად, 2 თვეში იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც იზრდება უვიზო პირობების დარღვევის, თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა, ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას ან ჩნდება „შიდა უსაფრთხოებისთვის საგრძნობლად გაზრდილი რისკი“. ევროპარლამენტი თავის ბოლო სხდომას 4–7 ივლისს გამართავს, ხოლო ზაფხულის არდადეგების შემდეგ 12 სექტემბერს შეიკრიბება.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიერ რეინდერსმა განაცხადა ლუქსემბურგის შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გამოყენება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ევროკავშირი შეჩერების განახლებულ მექანიზმს აამუშავებს.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე „ზოგადი განწყობა“ ევროკავშირის წევრებს შორის „ძალიან დადებითია“.
„ამრიგად, მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გავწელავთ განზრახ ამ პროცესს; ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, თუმცა ეს საკმარისად სწრაფად იქნება“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.
„ვინაიდან ჩვენ შევთანხმდით, რომ ე.წ. შეჩერების მუხლი დავარეგულიროთ, ის უვიზო რეჟიმზე გადაწყვეტილების პარალელურად გაკეთდება და ის ასევე კავშირია ევროპარლამენტში დაგეგმილ განხილვებთან და პროცესთან“, – განაცხადა მან.
„მჯერა, რომ ადრეულ შემოდგომაზე ის უკვე დასრულდება“, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ საკითხის განხილვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის ინიციატივით შევიდა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების შეფერხებამ შესაძლოა შეასუსტოს საქართველოს მოქნილობა იმ ქვეყნების მხრიდან საგარეო ზეწოლის ფონზე, რომელთაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. მან, როგორც ჩანს, რუსეთის ფაქტორი იგულისხმა.
ლატვიელმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ არა მხოლოდ პარტნიორმა ქვეყნებმა, არამედ ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ „ნათელი იყო ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან, რომ საქართველომ უდავოდ შეასრულა ყველა დასახული ამოცანა“ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად.
„ახლა თავმჯდომარე ქვეყანაზეა დამოკიდებული ის, რომ ეს საკითხი ევროკავშირის ელჩების კომიტეტის (Coreper) ერთ–ერთი მომავალი შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანოს“, – განაცხადა მან Coreper-ის შესახებ, რომელმაც ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილებას უკვე რამოდენიმეჯერ ვერ მიაღწია.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჰოლანდიის უფლებამოსილების ვადა 30 ივნისს იწურება, მანამდე კი Coreper–ის სამი შეხვედრაა დაგეგმილი.
„თუმცა ყველა წევრმა სახელმწიფომ მკაფიოდ აღიარა ის ფაქტი, რომ საქართველომ დაუჯერებლად კარგი სამუშაო შეასრულა და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას აღიარებული“, – დასძინა მოგერინიმ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)