აშშ-საქართველოს სამუშაო ჯგუფმა დემოკრატიის საკითხებზე იმსჯელა
21 ივნისს თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მოქმედი დემოკრატიის და კარგი მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
აშშ–ის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და იუსტიციის დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები შედიოდნენ, მომავალი არჩევნების და ძალადობისგან თავისუფალი კამპანიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრების გარშემო არსებულ დავაზე და სასამართლო რეფორმის შესახებ პარლამენტში შეჩერებული კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა.
დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ერთ–ერთი იმ ოთხი უწყებათაშორისი ორმხრივი ჯგუფია, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის მიზნით შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ქარტიას 2009 წლის იანვარში მოეწერა ხელი. ქარტია სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებად ასევე განსაზღვრავს თავდაცვას და უსაფრთხოებას, ეკონომიკას და ხალხთა შორის ურთიერთობებს.
ქართულ მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ასევე ოფიციალური პირები და პარლამენტის წევრები როგორც მმართველი კოალიციიდან, ისე ოპოზიციიდან.
„ჩვენი გზავნილი იყო მკაფიო: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკმა შეხვედრის შემდეგ.
„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, აღვნიშნავთ ისეთი წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელობას, რომელიც თავისუფალი იქნება ძალადობისგან და დაშინებისგან, ასევე მთავრობის უპირველეს პასუხისმგებლობას, რომ უზრუნველყოს ეს შედეგი“, – განაცხადა ბრინკმა, რომელიც 2011–2014 წლებში თბილისში აშშ–ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე იყო.
„მივესალმებით პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილის კონსტრუქციულ პოზიციას და ტონს წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე მის მოწოდებას პოლიციისთვის, რომ წესრიგი უზრუნველყოს, განსაკუთრებით რეგიონებში“, – განაცხადა მან.
აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, თომას მელიამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, რომ „წინასწარი გაფრთხილების სისტემა ჩამოაყალიბოს ძალადობის ინციდენტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ასევე იმუშაოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რათა უზრუნველყოს, რომ კამპანიის პერიოდი, აქციები და შეხვედრები მშვიდობიანი იყოს“.
„პოლიტიკური კამპანიის პერიოდში სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება პრობლემა იყო წარსულში როგორც აქ, ისე ბევრ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა მან, „ახლა მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, რომ განუმარტოს როგორც ხალხს, ისე სახელმწიფო მოხელეებს, თუ რა წარმოადგენს სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას, რათა უზრუნველყოს მისი კონტროლი და აღკვეთა“.
ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ აშშ–ის დელეგაციამ „კვლავ გამოხატა შეშფოთება რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით“.
„საქართველოს ევრო–ატლანტიკური კურსი დამოკიდებულია მედიაში შეხედულებების მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე“, – განაცხადა მან.
„ასევე ხაზი გავუსვით ნებისმიერ ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას და სასამართლო სისტემის რეფორმების მესამე ტალღის განხორციელებისკენ მოვუწოდეთ“, – განაცხადა ბრინკმა.
მას მხედველობაში იმ კანონპროექტების პაკეტი ჰქონდა, რომელიც „რეფორმების მესამე ტალღის“ სახელითაა ცნობილი და რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენებით მიმდინარე წელს მიიღო, თუმცა მისი მესამე მოსმენით მიღება გაჭიანურდა.
სხვა საკითხებთან ერთად, ცვლილებათა პაკეტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადდა, მოსამართლეებზე საქმეთა ელექტრონული წესით განაწილებას ითვალისწინებს, რაც მინიმუმამდე ამცირებს სასამართლოს თავმჯდომარეების როლს პროცესში.
ზაფხულის არდადეგებამდე მოქმედი პარლამენტი კიდევ სამ სხდომას გამართავს მიმდინარე კვირას. ჯერჯერობით უცნობია შეიკრიბება თუ არა პარლამენტი სექტემბერში, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საკანონმდებლო ორგანო სხდომებს, როგორც წესი, წყვეტს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უთხრა დეპუტატებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 21 ივნისს, რომ არ დაუშვან ის, რომ კანონპროექტის რამდენიმე საკითხზე უთანხმოებამ მთელი პაკეტის მიღება ჩაშალოს. 22 ივნისს ასევე ბიუროს სხდომაზე მან აღმასრულებელ ხელისუფლებას კონკრეტული მიზეზის დასახელებისკენ მოუწოდა, რის გამოც ფერხდება ამ ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცება.
აშშ–საქართველოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე 20 ივნისს აშშ–ის დელეგაცია საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.