პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების სამი კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 22 ივნისს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების სამი დამოუკიდებელი კანონპროექტი, რომელთაგანაც ერთი პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლებას გადადგომის გარეშე აძლევს, მეორე სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად უფასო სარეკლამო დროით მოსარგებლე საარჩევნო სუბიექტების გაზრდას, ხოლო მესამე ე.წ. სპეცუბნების ახლებურ რეგულაციას ეხება.

პირველი კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი აღარ იქნება იმ თანამდებობათა ჩამონათვალში, რომელთა დატოვებაც დეპუტატობის კანდიდატებს რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა უწევთ. 

ოპოზიციამ ეს ცვლილება პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილზე კანონმდებლობის მორგებად შეფასა, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, რომ თანამდებობის დატოვების გარეშე ჩაუდგეს პარტია ქართული ოცნების სიას სათავეში. კანონპროექტის ინიციატორებმა კოალიცია ქართული ოცნებიდან განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის მიმართ დაწესებული ამ შეზღუდვის მოხსნა იმ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებში მონაწილეობის გამო პრემიერ-მინისტრის გადადგომამ არ გამოიწვიოს არჩევნების წინ ახალი მთავრობის ფორმირება, რაც პრემიერის გადადგომას ავტომატურად მოსდევს. კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის არჩევნების შემდეგ პარლამენტში საქმიანობის გაგრძელებას გამორიცხავს.

პარლამენტის მიერ მიღებული მეორე კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტის იურდიულმა კომიტეტმა მოამზადა მათ შორის ცესკოს წინადადებების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, უფასო სატელევიზიო რეკლამით მოსარგებლე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა 5-დან 11-მდე იზრდება.

კერძოდ, უფასო საეთერო დროით ისარგებლებს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას წინა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში მიღებული 3%-იანი შედეგის მიხედვით იღებს. მოქმედი ნორმით, უფასო საეთერო დროით სარგებლობა კვალიფიციურ პარტიებს და ასევე, საარჩევნო ბლოკში მხოლოდ პირველ ნომრად შემავალ პარტიებს შეეძლოთ.

თუ არსებული მდგომარეობით 5 პარტიას (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; ნაციონალური მოძრაობა; პატრიოტთა ალიანსი; ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია) უწევს უფასო სარეკლამო დროის განაწილება, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიაში საათში 5 წუთი, ხოლო კერძო ტელეკომპანიებში საათში 2.5 წუთი დამატებით კიდევ 6 პარტიაზე (ქართული ოცნების ბლოკში მყოფი: რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატორები, მრეწველები, ეროვნული ფორუმი; და ნაციონალურ მოძრაობასთან 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ბლოკში გაერთიანებული საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია) უნდა გადანაწილდეს, რასაც  ბურჯანაძის პარტია, პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტული პარტია მწვავედ აპროტესტებენ, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მდგომარეობის გაუარესებისკენ გადადგმულ „უსამართლო“ ნაბიჯს.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ მართალია მოქმედ წესსაც „უსამართლო“ უწოდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ახალი რეგულაციაც „მნიშვნელოვან პრობლემებს“ შეიცავს, ვინაიდან საეთერო დროის განაწილება მიღებული ხმების პროპორციულად არ ხდება და ასევე არ ხდება დიფერენცირება არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე პარტიებსა და ბლოკში შემავალ პარტიებს შორის.

ახალი წესის მიმართ პრეტენზიები აქვთ ასევე ტელეკომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც პრეზიდენტს კანონპროექტის ამ ნაწილზე ასევე მოუწოდებენ ვეტოს გამოყენებისკენ, რადგან მათი თქმით, ეს ცვლილებები ყოველსაათიან ლიმიტებს აწესებს უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვებისას.

ამასთანავე, მეორე კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები ამჟამად განსაზღვრული 14 დღის ნაცვლად, ჩატარდება არაუგვიანეს 25-სა, რაც თავის მხრივ იწვევს ახალი პარლამენტის პირველი შეკრების არჩევნებიდან მაქსიმუმ 45 დღემდე გახანგრძლივების შესაძლებლობას.

ამავე კანონპროექტის კიდევ ერთი მთავარი საკითხია ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის მერებად და გამგებლებად კენჭისყრის უფლების მიცემა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აპრილში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. აქამდე მხოლოდ პარტიულ კანდიდატებს შეეძლოთ ამ თანამდებობებზე კანდიდატებად რეგისტრაცია.

მესამე კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს თავდაცვის სამინისტრომ წარუდგინა, ე.წ. სპეცუბნებს უკავშირდება, რაც პრობლემური საკითხი იყო შემოდგომაზე საგარეჯოში გამართულ შუალედურ და ასევე იანვარში გარდაბნის გამგებლის არჩევნების დროსაც.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სპეცუბნების შექმნა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე. აქ მომსახურე პირები ახლომდებარე საარჩევნო უბნებზე მისცემენ ხმას წინასწარ განსაზღვრული სპეციალური სიების მეშვეობით, თუ სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ მოახერხებენ არჩევნებში მონაწილეობას; ხოლო მათ, ვისაც  სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ დისლოკაციის ადგილის დატოვება,  მიეცემათ შესაძლებლობა, ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცენ.

ამასთან, კანონპროექტი სამხედროებს უნარჩუნებს უფლებას, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარული დეპუტატის არჩევნებში იმის მიუხედევად, თუ დისლოკაციის ადგილი მათი რეგისტრაციის ადგილს არ ემთხვევა. თუმცა, მაჟორიტარი კანდიდატების არჩევაში მონაწილეობა მხოლოდ იმ სამხედროებს შეეძლებათ, რომლებიც  არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვის ვადით და არჩევნების დღიდან კიდევ მინიმუმ 6 თვის ვადით იქნებიან საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ნაწილში გამწესებულნი.

კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს იმ გამონაკლისებს, სადაც სპეცუბნები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს აღემატება. ეს გამონაკლისებია: საზღვარგარეთ სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილი; პენიტენციური დაწესებულებები მხოლოდ პატიმრებისათვის და მსჯავრდებულებისათვის; საავადმყოფოები; სათნოების სახლები, მიუსაფართა თავშესაფრები და სხვა სოციალური მიზნის დაწესებულებები.