საქართველო ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ აშშ–ის ანგარიშში დაწინაურდა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ 30 ივნისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო პირველ ჯგუფში დააწინაურა.

მართალია პირველი ჯგუფი იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს.

დაწინაურებამდე საქართველო სამი წლის მანძილზე მეორე ჯგუფში რჩებოდა, რომელიც იმ ქვეყნებს მოიცავს, რომელთა მთავრობებიც სრულად არ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტებს მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ. მესამე ჯგუფი ყველაზე დაბალი კატეგორიაა, რომელიც იმ ქვეყნებს ენიჭებათ, რომელთა მთავრობებიც სრულად არ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს და მნიშვნელოვან ძალისხმევასაც არ მიმართავენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

საქართველო მეორე ჯგუფში 2012 წლის საანგარიშო პერიოდში ჩამოქვეითდა მას შემდეგ, რაც წინა ანგარიშებში, ექვსი წლის მანძილზე მიყოლებით,  საქართველო პირველ ჯგუფში ხვდებოდა.

ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც 2015 წლის მოვლენებს მოიცავს, საქართველოს მთავრობამ „მსხვერპლზე მორგებული მიდგომა შეიმუშავა“ და განაგრძო „ყველა იდენტიფიცირებული მსხვერპლისთვის ყოვლისმომცველი მზრუნველობის გაწევა, ასევე გაზარდა მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი მომსახურებები“.

ანგარიშის თანახმად, მთავრობამ გაზარდა სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობები ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში, მათ შორის დააფინანსა ტრენინგების უპრეცედენტო რაოდენობა პოლიციელებისთვის, პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის და თავშესაფრების ხელმძღვანელებისთვის.

თუმცა, დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში უფრო ცოტა ტრეფიკინგით მოვაჭრეები გაასამართლეს და უფრო ცოტა მსხვერპლი იქნა გამოვლენილი. ამავე ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ „შეზღუდა შრომის ინსპექტორების შესაძლებლობა სამუშაო ადგილების შესწავლის კუთხით“.

ანგარიშის თანახმად, კვლავ არასათანადოა იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომელთა ექსპლოატაციაც ხდება ქუჩებში, მათ შორის იძულებითი მათხოვრობის და დანაშაულში მონაწილეობის კუთხით; ასევე არ არის იდენტიფიცირებული ის ქართველი და უცხოელი მუშახელი, რომელთაც სავალალო შრომის პირობები აქვთ. „მთავრობას არ ჩაუტარებია კვლევა ქუჩის ბავშვებზე და არც რაიმე სტრატეგია შეუმუშავებია ამ საკითხის მოსაგვარებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, საქართველო ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების და გოგონების,  ასევე მამაკაცების, ქალების და ბავშვების იძულებითი შრომის თვალსაზრისით ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროს, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს.

„ქალები და გოგონები საქართველოდან ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში და გარკვეულწილად, ჩინეთში და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. საქართველო ასევე სატრანზიტო ქვეყანაა ქალებისთვის ცენტრალური აზიიდან, რომელთა ექსპლოატაცია თურქეთში ხდება. ქალები აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლნი ხდებიან საქართველოს კომერციულ სექს ვაჭრობაში აჭარის ტურისტულ ზონაში, ასევე საუნებში, სტრიპტიზ კლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში. ტრეფიკინგის იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა უმეტესობა ახალგაზრდა, უცხოელი ქალია, რომელიც სამუშაოს ეძებს“, – ნათქვამია ანგარიშში.