კვირიკაშვილი საქართველოს ცხინვალის რეგიონის გავლით რუსეთთან სომხეთის დამაკავშირებელი გზის დროებით გახსნის უშედეგო მოლაპარაკებებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მას სომეხ კოლეგასთან ჰოვიკ აბრაჰამიანთან საუბარი ჰქონდა ალტერნატიული გზის დროებით გახსნის შესაძლებლობაზე, რომელიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთს უკავშირდება, იმ ტვირთების გასატარებლად, რომელთა საგზაო გადაზიდვაც ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის მახლობლად ღვარცოფით გზის დაზიანების გამო ერთი კვირის წინ შეწყდა.

ამგვარი მოლაპარაკებების შესახებ სომხური მედიით გახდა ცნობილი, რომელთა ინფორმაციითაც,  სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა 30 ივნისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთთან დამაკავშირებელი ძირითადი გზა დაზიანდა, ერევანმა რუსეთთან და საქართველოსთან მოლაპარკებები დაიწყო სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნის თაობაზე.

„ამ საკითხს სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება“, – იტყობინება სომხური სააგენტო „არკა“ გაგიკ ბეგლარიანის სიტყვებზე დაყრდნობით, „ძალიან ცოტაა სომხეთზე დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით რუსულ და ქართულ მხარეებს, რათა სამხრეთ ოსეთის ვარიანტი ამოქმედდეს დროებით მაინც“.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მოლაპარაკებები უშედეგოა, რადგან თბილისმა უარი თქვა რუსეთის პირობებზე და ამჟამად ტვირთები, როგორც საქართველოდან, ისე სომხეთიდან რუსეთში სარკინიგზო ბორნის საშუალებით, საზღვაო გზით გადის.

სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ 23 ივნისს, ჯერ კიდევ ერთი დღით ადრე ჩაკეტა მას შემდეგ, რაც ხეობაში მოსალოდნელი ღვარცოფების შესახებ ადრეული შეტყობინება მიიღო. გზის იგივე მონაკვეთზე 2014 წელს ორჯერ ჩამოწვა მეწყერი. 

„მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული. [აღდგენას] დაჭირდება, სავარაუდოდ, ორი კვირა მაინც. ამ დროს დიდი პრობლემა ექმნებათ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ექსპორტიორებს ხილის გატანის კუთხით რუსეთის ბაზარზე და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ  „სატრანზიტო ფუნქციის სრულად გახორციელებისთვის, აუცილებელია ვიყოთ საიმედო პარტნიორი“.

„სწორედ ამიტომ მე მქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და მათი წინადადება იყო, რომ ისინი თვითონ დაელაპარაკებიან რუსეთის ფედერაციას იმისათვის, რომ დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში [გაიხსნას გზა], რომ აქ არ მოხდეს არანაირი შეხება სტატუსზე და მოგეხსენებათ, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,  ფორსმაჟორულ სიტუაციებში ითვალისწინებს ტვირთის სტატუს ნეიტრალურ გატარებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ამიტომ ამ რეჟიმში გვინდოდა, რომ ჩვენ გაგვეტარებინა ეს ტვირთები, რათა არ მიგვეყენებინა ძალიან დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისათვის და ასევე, სხვებისთვის, ვისაც სურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გატარება“, – განაცხადა მან.

„სამწუხაროდ, ჩვენმა სომეხმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ რუსეთის ფედერაციიდან ცოტა არ იყოს არაადეკვატური პასუხი იყო, რაც უკვე პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან, ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე, ვინაიდან ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ფორსმაჟორული გახსნა ამ არხის“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ეკონომიკური საქმიანობის შემზღუდავ ნორმებს შორის ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვის აკრძალვასაც, თუმცა ამავე კანონით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული საქმიანობის განხორციელება განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობის სპეციალური თანხმობით ხდება დასაშვები, თუ ეს  ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს,  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

„ვინაიდან ჩვენ ვერ მივიღეთ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ტვირთის გატარების მექანიზმი, ჩვენ უარი ვთქვით ამ ტვირთის გატარებაზე და დღესდღეობით საზღვაო გზით, სარკინიგზო ბორნით გადის ტვირთები როგორც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, ასევე სომხეთიდან“, –  აღნიშნა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

თავის კომენტარში ის ასევე შეეხო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) დაკავშირებით რუსეთთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტებს. 

საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მონიტორინგის განმახორციელებელ კომპანიად SGS შეირჩა, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება არ ამუშავებულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს 27 ივნისს პრაღაში გამართული ბოლო შეხვედრის დროს აცნობა, რომ ქართულმა მხარემ რამდენიმე თვის წინ დაასრულა მუშაობა ყველა შესაბამის დოკუმენტზე, რაც 2011 წლის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. 

„SGS-თან ხელშეკრულება ჩვენ გადავაგზავნეთ რუსულ მხარესთან და ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, იქიდან პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

„რეალურად ეს არის მექანიზმი, რომელიც სტატუს ნეიტრალურად ტვირთების გატარებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ეს მექანიზმი ჩვენ არ გაგვაჩნია“, – დასძინა მან.