საქართველოში ვიზიტის დროს რომის პაპი მცხეთას ეწვევა და სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს
რომის პაპი ფრანცისკე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს 30 სექტემბერიდან 1 ოქტომბრამდე საქართველოში ვიზიტის დროს, განაცხადა ვატიკანის პრესსამსახურმა ორშაბათს.
ვიზიტის პირველ დღეს, 30 სექტემბერს, რომის პაპი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება პრეზიდენტის სასახლეში, ხოლო შემდეგ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს.
იმავე დღეს პაპი ფრანცისკე ასირიულ-ქალდეური თემის წარმომადგენლებს შეხვდება ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში.
1 ოქტომბერს იგი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რომელიც 25 000 ადამიანს იტევს, ლიტურგიას აღავლენს.
იგი ასევე ეწვევა რომის კათოლიკურ ეკლესიას თბილისში და კამილიელთა ორდენის დახმარების ცენტრის თანამშრომლებსაც შეხვდება.
შემდეგ პაპი ფრანცისკე მცხეთაში გაემგზავრება, სადაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.
პაპი ფრანცისკე, რომელიც ივნისში სომხეთს სტუმრობდა, თბილისიდან 2 ოქტომბერს დილით აზერბაიჯანში გაემგზავრება.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რომის პაპი ეწვევა. 1999 წლის ნოემბერში საქართველოს პაპი იოანე პავლე II სტუმრობდა. მან ლიტურგია სპორტის სასახლეში აღავლინა.
2014 წლის სექტემბერში წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი, არქიეპისკოპოსი დომინიკ მამბერტი თბილისს ესტუმრა – ეს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში ბოლო 11 წლის განმავლობაში.
მანამდე, 2003 წლის სექტემბერში თბილისს წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მაშინდელი მდივანი, ჟან-ლუი ტორანი ეწვია სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელსაც საქართველოს კათოლიკური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსი უნდა განესაზღვრა. თუმცა ბოლო წუთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა და უარი თქვა ხელი მოეწერა ვატიკანთან ხელშეკრულებაზე. 2011 წელს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას ანიჭებს, რითაც, სხვა კონფესიებთან ერთად, ასევე ისარგებლა საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის რამდენიმე განშტოებამ. ვატიკანი მიესალმა ამ კანონმდებლობის მიღებას.