ყაზახეთში საქართველოს ელჩი აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურად განიხილება
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 14 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან კონსულტაციებს მართავს ადგილობრივი მთავრობის მეთაურის კანდიდატურის შესარჩევად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ 6 ივლისს, არჩევნებამდე სამი თვით ადრე, თანამდებობა დატოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აჭარაში მიმდინარე კონსულტაციების დროს ხაბაძის შემცვლელად ყაზახეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის კანდიდატურა განიხილება.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ადგილობრივი მთავრობის ახალი მეთაური უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს; პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია წარდგინების გაკეთება, თუ კანდიდატურას ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატს აჭარის 21–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცება დასჭირდება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.
43 წლის ზურაბ პატარაძე, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა, 2000 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მუშაობდა.
2004 წლიდან ის მოსკოვში საქართველოს საელჩოში მეორე მდივანი იყო, რომელიც საკონსულო სამსახურს კურირებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველომ და რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, პატარაძე კონსული გახდა 2009 წლამდე, მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციაში.
მოგვიანებით პატარაძე საქართველოს გენერალური კონსული იყო ბერძნულ ქალაქ სალონიკში, ხოლო 2012 წლიდან თურქეთში მსახურობდა ელჩად, სანამ 2013 წლის შუა პერიოდში ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნებოდა.