პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის დათხოვნასთან ერთად რწმუნებულად დანიშნული ზურაბ პატარაძე მთავრობის ახალ მეთაურად წარადგინა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად და ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებით, ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მთავრობა დაითხოვა, სახელმწიფო რწმუნებულად ზურაბ პატარაძე და მისი დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა და ასევე, ის ოფიციალურად წარუდგინა მთავრობის ახალ თავმჯდომარედ დასამტკიცებლად რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატს აჭარის 21–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცება სჭირდება. უმაღლესი საბჭოს სპიკერმა ავთანდილ ბერიძემ განაცხადა, რომ ზურაბ პატარაძის კანდიდატურას, რომელიც ყაზახეთში საქართველოს ელჩი იყო, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციები დღეს განიხილავენ და სავარაუდოდ, 15 ივლისს უყრიან კენჭს.

თუ უმაღლესი საბჭო, რომელშიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უმრავლესობა, პატარაძეს მხარს არ დაუჭერს, მაშინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ის, როგორც პრეზიდენტის მიერ 14 ივლისის განკარგულებით დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული, უფლებამოსილების განხორციელებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე განაგრძობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ 6 ივლისს, არჩევნებამდე სამი თვით ადრე,  დატოვა თანამდებობა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად იმართება.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც პატარაძის წარდგინებამდე, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციები გამართა, განაცხადა, რომ აქვს იმის „მტკიცე რწმენა“, რომ ახალ კანდიდატურას „უახლოეს მომავალში“ დაამტკიცებენ.

„ზურაბ პატარაძესთან, ასევე ბუნებრივია, ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია და, ასე ვთქვათ, გზავნილი არის ის, რომ აჭარაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტის, ევროპული სტანდარტის არჩევნები“, – განუცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 14 ივლისს ჟურნალისტებს ბათუმში.

ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებს. „რა თქმა უნდა იქნება ცვლილება, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებ“, – განაცხადა მან.

43 წლის პატარაძე, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა, 2000 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მუშაობდა. 

2004 წლიდან ის მოსკოვში საქართველოს საელჩოში მეორე მდივანი იყო, რომელიც საკონსულო სამსახურს კურირებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველომ და რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, პატარაძე კონსული გახდა 2009 წლამდე, მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციაში.

მოგვიანებით პატარაძე საქართველოს გენერალური კონსული იყო ბერძნულ ქალაქ სალონიკში, ხოლო 2012 წლიდან თურქეთში მსახურობდა ელჩად, სანამ 2013 წლის შუა პერიოდში ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნებოდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)