ლავროვი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში ‘სწორ ტენდენციაზე’ საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 22 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციებია და „უფრო მეტი საღი აზრი იგრძნობა“.
როდესაც ლავროვს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე ჰკითხეს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ თბილისზეა დამოკიდებული პირველი ნაბიჯი გადადგას ამ მიმართულებით, რადგანაც სწორედ საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
თბილისი აცხადებს, რომ შეუძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, სანამ მოსკოვი სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. უკვე იგრძნობა, რომ მეტი საღი აზრია ჩვენს ურთიერთობებში“, – განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს კომუნიკაციის არხი მისი მოადგილის გრიგორი კარასინის და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრების სახით, რომელიც რეგულარულად იმართება.
მისივე თქმით, ვაჭრობა აღდგა და ქართული პროდუქცია, მათ შორის ღვინო და მინერალური წყლები რუსულ ბაზარზე დაუშვეს.
„ვფიქრობ, ეს სწორი ტენდენციაა“, – განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე აღნიშნა სინანულით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგის გამო ის ვერ ჩადის საქართველოში. „მე ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ხშირად ჩადიან საქართველოში და უყვართ ეს ქვეყანა – ალბათ ჩვენ ყველას გვიყვარს ეს ქვეყანა“, – განაცხადა მან.
მან საქართველო მაშინაც ახსენა, როდესაც ნატოს შესახებ ცალკე კითხვას პასუხობდა. ლავროვმა განაცხადა, რომ ნატოს მიერ 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულმა განაცხადმა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უბიძგა, რომ 2008 წლის აგვისტოში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია დაეწყო. ლავროვის თქმით, დასავლეთს უნდა, რომ „სულ უფრო მეტი ქვეყანა შეიყვანოს ნატოში და რუსეთს მოგლიჯოს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)