პარტია ქართულმა ოცნებამ სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

მმართველმა პარტიამ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 23 ივლისს სამეგრელოს რეგიონის შვიდ ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, რომელიც აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

სხვა პოლიტიკური ძალები, რომელთაც ამ დროისთვის უკვე დაასახელეს თავიანთი კანდიდატები იგივე ოლქში, არიან თავისუფალი დემოკრატები, რომელმაც ირინა თოფურია წარადგინა, და პატრიოტთა ალიანსის თაოსნობით  საარჩევნო ბლოკი, რომელმაც ყოფილი დეპუტატი კონსტანტიტე გამსახურდია წარადგინა.

მას შემდეგ რაც დანელიას საარჩევნო კომისია ოფიციალურად დაარეგისტრირებს კანდიდატად, მას თანამდებობის დატოვება მოუწევს; პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იწურება.  

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია პარტია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ქალაქ ზუგდიდში.

თავისუფალმა დემოკრატებმა ზუგდიდში თავის მაჟორიტარ კანდიდატად პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი დაასახელეს. სხვა პარტიებს საკუთარი კანდიდატები ამავე ერთმანდატიან ოლქში ჯერ არ წარუდგენიათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება იმ ერთმანდატიან ოლქში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ფარავს. 

ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია იმავე ოლქში ხელახლა იყრის ხელს პარტია ქართული ოცნების კანდიდატად. წინა არჩევნებში, ოთხი წლის წინ, მან მაშინდელი მმართველი პარტიის ნაციონალური მოძრაობის სახელით იყარა კენჭი, თუმცა არჩევნებიდან მალევე მან დატოვა არჩევნებში წაგებული ნაციონალური მოძრაობა.

ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, სადაც მას ხვიჩა ჟიშკარიანი დაუპირისპირდება თავისუფალი დემოკრატებიდან; ეს უკანასკნელი სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. დანარჩენ პარტიებს ამ ოლქში საკუთარი კანდიდატები ჯერ არ წარუდგენიათ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა ქართული ოცნების კანდიდარი იქნება იმ ერთმანდატიან ოლქში, რომელიც წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

ირაკლი ხახუბია, რომელიც ფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოს „აისბერგი 2“ თანამფლობელია ამავე საპორტო ქალაქში დასახელდა კანდიდატად. ამჟამად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი არის ეკა ბესელია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან.

დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელთაც ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს, არიან თავისუფალი დემოკრატები, რომელმაც თენგო ჩაკვეტაძე წარადგინა, და პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“.

ბურჭულაძის პარტიამ ფოთში კოტე კემულარია წარადგინა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური სივრციდან თითქმის ცხრა წელი იყო გამქრალი.

კემულარიას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში 2007 წლის ნოემბრამდე მაღალი თანამდებობები ეკავა. 2004 წელს რამდენიმე თვით ის საქართველოს ელჩი იყო რუსეთში, სანამ 2004 წლის ივნისში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდებოდა; შემდეგ ის 2005 წლის დასაწყისიდან იუსტიციის მინისტრი იყო, სანამ იმავე წლის დეკემბერში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებდა; მას შემდეგ, რაც 2007 წლის ნოემბერში ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ჩაანაცვლეს, კემულარია პოლიტიკურ არენაზე აქტიურად აღარ გამოჩენილა.

ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 73 ერთმანდატიანი ოლქიდან ჯერ მხოლოდ 30–მდე ოლქში დაასახელა და პარტიული სიაც გაასაჯაროვა, სამეგრელოს რეგიონში კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია.

მმართველმა პარტიამ თავისი საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დაწყება 18 ივლისს ქუთაისში გამართული აქციით აღნიშნა, რომლის ფარგლებშიც იმერეთის რეგიონის 11 ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.     

იმერეთის მსგავსად, სამეგრელოს რეგიონშიც კანდიდატები პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეა. რეგიონალური კანდიდატების ერთობლივი დასახელების შემდეგ ის რეგიონის თითოეულ ოლქში ჩადის და ადგილობრივ ელექტორატს თავიანთ კანდიდატს წარუდგენს. 

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, მაჟორიტარ დეპუტატებს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის.