ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75%–მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27 ივლისს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.75%–მდე შეამცირა.

„მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა, „პროგნოზის შესაბამისად, თუკი ეკონომიკაზე მოქმედი სხვა ფაქტორები არ გამოიკვეთა, მოსალოდნელია რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს“.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ივნისში  წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 1.1% შეადგინა, რაც 2016 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე – 5%–ზე – ბევრად ნაკლებია.

ბანკის თქმით, ინფლაცია „მომდევნო კვარტლებში“ დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება. მომავალი წლისთვის ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 4%–ზე პროგნოზირებს.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის მანძილზე ეტაპობრივად გაიზარდა 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან 8%–მდე გასული წლის ბოლოს. 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა. აპრილში კი ის 7.5%–მდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 7 სექტემბერს გაიმართება.