პეტიცია პრეზიდენტს მიმართავს არ დანიშნოს ‘ქორწინების განსაზღვრის’ შესახებ რეფერენდუმი
ონლაინ პეტიცია, რომელიც 4 აგვისტოს გავრცელდა, მოუწოდებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომ არ დანიშნოს რეფერენდუმი ქორწინების, როგორც ქალის და კაცის ერთობის განსაზღვრის მიზნით – საკითხი რომელიც კანონმდებლობით უკვე ისედაც განსაზღვრულია.
ივლისის ბოლოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმისთვის საჭირო 200 000–ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა წარადგინა. საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის არის სანდრო ბრეგაძე, რომელიც 2016 წლის თებერვლამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო; უფლებადამცავ ჯგუფებს მისი თანამდებობიდან დათხოვნა მისი ჰომოფობიური განცხადებების გამო არა ერთხელ მოუთხოვიათ.
30 ივლისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯგუფის მიერ წარდგენილი 200 000-ზე მეტი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა და 1 აგვისტოს სარეფერენდუმო მასალები პრეზიდენტ მარგველაშვილს გადაუგზავნა.
პრეზიდენტმა 30 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს.
პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის განკარგულებას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კონტრასიგნაცია დასჭირდება. ეს უკანასკნელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეც არის, რომლის ზოგიერთმა დეპუტატმა ჯერ კიდევ მაისში გამოხატა მხარდაჭერა რეფერენდუმის ჩატარების მიმართ.
პეტიცია რეფერენდუმის წინააღმდეგ, რომელმაც 4 აგვისტოს მისი გავრცელებიდან პირველ ხუთ საათში 800-ზე მეტი ხელმომწერი მოაგროვა, ნათქვამია, რომ ამგვარი რეფერენდუმი „წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან და გრძელვადიანი შედეგების მქონე დარტყმას მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს, გააძლიერებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას, პრორუსულ ძალებს და დაამძიმებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას.“
„ამ თემაზე რეფერენდუმის დანიშვნა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ძალადობის და პოლიტიკური გარემოს უფრო მეტი პოლარიზაციის სერიოზულ რისკებს აჩენს. ვინაიდან, ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლება რეფერენდუმის დანიშვნას კონსერვატიული და პრორუსული ამომრჩევლის მოსაზიდად იყენებს, რასაც სერიოზული გავლენა ექნება არჩევნების შედეგებზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივაზე, რეფერენდუმი არ უნდა დაინიშნოს“, – ნათქვამია პეტიციაში.
„მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ, ამ საკითხის წინ წამოწევა და საზოგადოების ნაწილის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებზე კაპიტალიზება, არის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაფარვის მცდელობა“, – ნათქვამია პეტიციაში. „ამასთან, პროცესი თავიდან ბოლომდე ექცევა რუსული პროპაგანდის ნარატივში, სადაც დასავლეთი წარმოდგენილია როგორც „გარყვნილების თავსმომხვევი“ და „ეროვნული იდენტობისა და მართლმადიდებლობის მტერი“.
„რეფერენდუმის გამოცხადება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არც ერთი ლგბტქი ორგანიზაცია დღის წესრიგში არ აყენებს ქორწინების თანასწორობის საკითხს, ყველა იმ ლეგენდისა და მითის ლეგიტიმაციაა, რომელიც ქართული საზოგადოების დასაშინებლად რუსული პროპაგანდის მანქანამ შეთხზა. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ხელი შეუშალოს ოკუპანტის პროპაგანდას და არ გადადგას დამღუპველი ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს როგორც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, ისე ქართველი ხალხის ნებას, შეუფერხებლად გაგრძელდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი“, – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის თანახმად, თავად რეფერენდუმის კითხვა – „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის" – „აბსურდულია“, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უკვე განსაზღვრავს ქორწინებას, როგორც „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს“.
„როგორც ერთ-ერთ გამოსვლაში თავადაც აღნიშნეთ, ეს საკითხი უკვე გაწერილია კანონმდებლობაში და არ საჭიროებს შემდგომ რეგულაციას“, – მიმართავს პეტიცია პრეზიდენტს.
პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება, სადაც რიოს ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრება, საჯაროდ ამ საკითხზე არ უსაუბრია მას შემდეგ, რაც ცესკომ მას რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე მასალები გადაუგზავნა.
თუმცა, მაისში, როდესაც პარლამენტი „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავდა, რომლის თანახმადაც ქორწინების განსაზღვრება კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, პრეზიდენტმა ეს ინიციატივა გააკრიტიკა, აღნიშნა რა, რომ ეს „არ არის თემა“ საქართველოში და მას „ქარიშხალი ჭიქაში“ უწოდა. მისი თქმით ეს საკითხი ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავდა მიზნად.
საჭირო კვორუმის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი კენჭისყრაზე არ დამდგარა.
პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილს კონკრეტულად რეფერენდუმის საკითხს არ შეხებია, თუმცა მან უთხრა ჟურნალისტებს 4 აგვისტოს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვის თაობაზე კანონპროექტს ქართული ოცნება მიიღებს მომავალ პარლამენტში, რომელიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აირჩევა.
„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უმრავლესობით მოვალთ [ახალ პარლამენტში], რომ აუცილებლად ამ ცვლილებას დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად, 150–წევრიანი პარლამენტში, სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
3 აგვისტოს პრესკონფერენციაზე საუბრისას რეფერენდუმის ჩატარების ერთ–ერთმა ინიციატორმა სანდრო ბრეგაძემ მოუწოდა პრეზიდენტს „დაჰყვეს მოსახლეობის, ამომრჩევლის ნებას“ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს პრეზიდენტი ბრძანდება, ჩვენი ინფორმაციით, საოცარი ზეწოლის ქვეშ ე.წ. ლიბერასტული ძალებისგან, აგრეთვე ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცავი ორგანიზაციებისგან და გარკვეული უცხოური ორგანიზაციებისგან და საქართველოში აკრედიტირებული ზოგიერთი დიპლომატიური უწყებისგან“, – განაცხადა ბრეგაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)