აფხაზეთის ლიდერის ადმინისტრაცია ჩირიკბას გადადგომაზე კომენტარს აკეთებს
აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ განაცხადა ოთხშაბათს, რომ ვიაჩესლავ ჩირიკბა საგარეო საქმეთა მინისტრად პრემიერ–მინისტრის ცვლილების შემდეგ ხელახლა იმის გამო არ დაინიშნა, რომ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში ვიზიტზე უარი თქვა იმის შიშით, რომ მოლდოვას ხელისუფლება მის დეპორტაციას განახორციელებდა.
20 სექტემბერს საღამოს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში ჩირიკბამ დეტალების მითითების გარეშე გადადგომის მიზეზად დაასახელა ის, რომ „შექმნილ პირობებში“ ვერ ხედავს თავისთვის შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა საგარეო საქმეთა მინისტრად – თანამდებობაზე, რომელიც მას 2011 წლიდან ეკავა. ამავე განცხადებაში, მან იმედი გამოთქვა, რომ სეპარატისტული რეგიონის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი დარჩება.
ჩირიკბას გადადგომას, დაახლოებით, თვენახევრით უსწრებდა წინ სეპარატისტული რეგიონის პრემიერ-მინისტრის ცვლილება. ამ პოსტზე პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 5 აგვისტოს თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი დააწინაურა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა არტურ მიქვაბიამ 26 ივლისს თანამდებობა დატოვა. 38 წლის ბარციცის დანიშვნის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში რიგი საკადრო ცვლილებები გატარდა. ჩირიკბა ახალი პრემიერ–მინისტრის დანიშვნის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
„მთავარი მიზეზი, რის გამოც არ მოხდა ვიაჩესლავ ჩირიკბას ხელახლა დანიშვნა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე არის მისი უარი ეხელმძღვანელა აფხაზეთის დელეგაციისთვის დნესტრისპირეთში რესპუბლიკის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ჩირიკბამ თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ მოლდოვას მიერ მისი დეპორტაციის შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემები შექმნოდა ევროპის ქვეყნებში შესვლისას“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერის ადმინისტრაციამ წერილობით განცხადებაში, რომელიც 21 სექტემბერს გამოქვეყნდა.
სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ არშბა 1 სექტემბერს დნესტრისპირეთში მიემგზავრებოდა, როდესაც მოლდოვას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის გააჩერეს და კიშინიოვის აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.
აფხაზეთის ლიდერის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ცვლილების მიუხედავად, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი რჩება, ვინაიდან აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პრეზიდენტი და არა მინისტრი“.
ჩირიკბა აფხაზური მხარის მთავარი მომლაპარაკებელი იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე – მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და რომელიც ასევე მონაწილეობენ თბილისის, ცხინვალის, რუსეთისა და აშშ–ის წარმომადგენლები; მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები. ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 4–5 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ჩირიკბას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი გამოცემა „ეხო კავკაზა“ იტყობინებოდა 21 სექტემბერს, რომ შესაძლო კანდიდატებს შორის განიხილებიან აფხაზი–აბაზა ხალხის მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის მრჩეველი ბესლან კობახია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და 2006–2010 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაურ კოვე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)