არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა
ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ 5 სექტემბერს კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა, რომლის მიზანიც ძალისხმევის კონსოლიდაციაა ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.
კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ მათ „მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის და კოალიცია ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს“.
„თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების საუკეთესო გზა ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში წევრობაა. ჩვენი მიზანია თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობა. ყოველივე ამისთვის არ დავზოგავთ ჩვენს ძალისხმევას და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, რათა დავაჩქაროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია“, – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა 5 სექტემბერს მოაწერა ხელი.
კოალიციის წევრები არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; მწვანე ალტერნატივა; საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს გაეროს ასოციაცია; საზოგადოება და ბანკები; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი; სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი; და ხმა საქართველოდან.