ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს სტუმრობს

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით 7 სექტემბერს საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.

ეს ალიანსის გადაწყვეტილების მიმღები ამ ორგანოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში.

ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრები პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხვდებიან, რის შემდეგაც ოთხშაბათს დღისით ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საღამოს დაგეგმილია შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან.

ვიზიტის მეორე დღეს დელეგაციის წევრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებს შეხვდებიან.

ნატოს ელჩები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავენ შეხვედრას. 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში გაიმართა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ნატო–საქართველოს კომისიას, მეორე და მესამე ვიზიტები კი – 2011 წლის ნოემბერში და 2013 წლის ივნისში.

„ეს ვიზიტი არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების დასტური“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე 7 სექტემბერს, „ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციისთვის“.