PACE–ს წინასაარჩევნო მისია საქართველოს სტუმრობს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) შვიდ–წევრიანი დელეგაცია 13–14 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის და პოლიტიკური კლიმატის შეფასების მიზნით.
დელეგაცია, რომელსაც ლიტველი დეპუტატი ევროპის სახალხო პარტიიდან, ემანუელის ზინგერისი ხელმძღვანელობს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების ლიდერებს და წარმომადგენლებს, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
თბილისში დელეგაცია ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ლიდერია; პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პარტია ქართული ოცნების ლიდერია, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელს ვახტანგ აბაშიძეს.
PACE–ს წინასაარჩევნო მისიის შემადგენლობაში ასევე შედიან: ფრანგი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან მარივონ ბლონდინი; ესპანელი დეპუტატი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE) ჯორდი შუკლა; ნორვეგიელი ინგებიორგ გოდსკესენი ევროპის კონსერვატიული ჯგუფიდან; გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფიდან; და ასევე საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები – ლატვიელი დეპუტატი ბორის სილევიჩი სოციალისტების ჯგუფიდან და შვედი კერსტინ ლანდგრენი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE).
PACE ასევე გეგმავს 32–წევრიანი დელეგაციის გამოგზავნას არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის დასაკვირვებლად.