საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 55 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 40 ქვეყნის 47 ქალაქში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 55 საარჩევნო უბანს გახსნის.
საზღვარგარეთ, ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით, 49 716 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი ერთი ქვეყნის მასშტაბით საბერძნეთში გაიხსნება – სამი ათენში და სამიც სალონიკში.
სამი საარჩევნო უბანი გაიხსნება თურქეთში – ანკარაში, სტამბოლსა და ტრაბზონში; სამი უკრაინაში – ორი კიევში და ერთი ოდესაში; სამი აშშ–ში – ორი ნიუ–იორკში და ერთი ვაშინგტონში; სამი აზერბაიჯანში – ყველა მათგანი ბაქოში; ორი გერმანიაში – ბერლინსა და ფრანკფურტში; ორი ესპანეთში – მადრიდსა და ბარსელონაში.
თითო საარჩევნო უბანი შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ვენა, მინსკი, ბრიუსელი, სოფია, ლონდონი, დუბლინი, კაირო, ტალინი, თელ–ავივი, რომი, ოტავა, ნიქოზია, ვილნიუსი, რიგა, კიშინიოვი, ჰააგა, ვარშავა, ლისაბონი, პარიზი, ბრატისლავა, ერევანი, ტაშკენტი, ბუდაპეშტი, ალ-ქუვეითი, ასტანა, სტოკჰოლმი, ბერნი, პრაღა, დოჰა, ოსლო, პრეტორია, კოპენჰაგენი და პეკინი.
საზღვარგარეთ ამ 55 უბნის გარდა, ასევე გაიხსნება ორი საარჩევნო უბანი ავღანეთში იმ ქართველი სამხედროებისთვის, რომლებიც ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მსახურობენ – ერთი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ხოლო მეორე მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის სამხედრო ბაზაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისია თავდაპირველად ტოკიოშიც გეგმავდა საარჩევნო უბნის გახსნას, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა იმ მოტივით, რომ იაპონიის დედაქალაქში დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნის გახნისთვის საჭირო მინიმალურ ოდენობაზე – 20–ზე ნაკლებია.
ცესკო უბნის გახსნას ასევე გეგმავდა ჰელსინკში, თუმცა ამის გაკეთება იმის გამო ვერ შეძლო, რომ საუბნო კომისია ვერ შეიქმნა წევრობის არასაკმარისი მსურველის არსებობის გამო.
რუსეთში საქართველოს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები არ გახსნილა, ვინაიდან ორ ქვეყანას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ.
საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩევლებს ხმის მიცემა მხოლოდ პროპორციული წესით ანუ მხოლოდ პარტიებისა და ბლოკებისთვის შეეძლებათ და მონაწილეობას ვერ მიიღებენ მაჟორიტარულ არჩევნებში.
საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით, 77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა.