სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა თანამდებობიდან გადადგა.

ამის მიზეზად მან 20 სექტემბერს საღამოს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში დეტალების მითითების გარეშე დაასახელა ის, რომ „შექმნილ პირობებში“ ვერ ხედავს თავისთვის შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა საგარეო საქმეთა მინისტრად –  თანამდებობაზე, რომელიც მას 2011 წლიდან ეკავა.

„გამოვთქვამ იმედს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობაზე“, – განაცხადა თავის განცხადებაში ჩირიკბამ, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა აფხაზურ დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

ჩირიკბას გადადგომას, დაახლოებით, თვენახევრით უსწრებდა წინ სეპარატისტული რეგიონის პრემიერ-მინისტრის ცვლილება. ამ პოსტზე პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 5 აგვისტოს თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი დააწინაურა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა არტურ მიქვაბიამ 26 ივლისს თანამდებობა დატოვა. 38 წლის ბარციცის დანიშვნის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში რიგი საკადრო ცვლილებები გატარდა, მათ შორის შინაგან საქმეთა და ფინანსთა ახალი მინისტრები დაინიშნენ.