პროკურატურამ შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად უკრაინის ოდესის ოლქის პოლიციის უფროსს გიორგი ლორთქიფანიძეს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით.

ბრალდების დადგენილება მას შემდეგ იქნა გამოტანილი, რაც ორი დღით ადრე დაბარების მიუხედავად, ლორთქიფანიძე საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა. მან უკრაინიდან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ვერ მოახერხებდა პროკურატურაში გამოცხადებას და აღნიშნა, რომ ამ საქმეზე ის ადრე უკვე დაკითხეს.  

პროკურატურამ განაცხადა, რომ „ვინაიდან, გიორგი ლორთქიფანიძე თავს არიდებს გამოძიებას“, ის დაუსწრებლად იქნა ბრალდებულად ცნობილი  ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. პროკურატურამ განაცხადა, რომ ის სასამართლოს წინასწარი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს და ლორთქიფანიძის კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ ძებნას გამოაცხადებს.

26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, სასჯელს იხდის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომლის ბრძანებითაც, პროკურატურის განცხადებით, დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს  რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების „დარბევა და მათი მასობრივი დაკავება“.

პროკურატურამ ამავე საქმეზე 20 სექტემბერს ბრალი წაუყენა ასევე შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს დავით ახალაიას, რომლმაც ოთხი წლის წინ ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა ქვეყანა, დაუსწრებლად მისჯილი აქვს პატიმრობა პოლიციელების ცემის საქმეზე და ასევე აქვს წაყენებული ბრალდებები სხვა საქმეებზე; მის მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს, რომელიც ამა წლის აპრილიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების საქმეზე; და ასევე კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას.

ბრალდების წაყენების პარალელურად, პროკურატურამ 20 სექტემბერს გამოაქვეყნა 26 მაისის აქციის დარბევის ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი კადრები, რომელიც კუდ-ის თანამშრომლის მიერ იყო გადაღებული და სადაც ერთ-ერთ მომენტში ახალაია თავის თანამშრომლებს ეუბნება: „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ასევე ზოგიერთმა უფლებადამცველმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ხელისუფლება ამ საქმეს წინასაარჩევნოდ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.