კვირიკაშვილი: ‘ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული’

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „რეალური მცდელობების მიუხედავად“, ქვეყანაში „ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული“.

„რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხის მხარდაჭერა მათ არა აქვთ“, – განაცხადა მან 29 სექტემბერს ჟურნალისტებთან იმ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე კომენტარში, რომლის  ავთენტურობაც, მისი თქმით,  უნდა დადგინდეს და  „რა თქმა უნდა, ეს გამოძიებული უნდა იქნას“.

სავარაუდოდ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის სამშაბათს გავრცელებული აუდიო ჩანაწერის თანახმად, მოსაუბრეები განიხილავენ „რევოლუციურ“ სცენარს, ასევე არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებსა და რუსთაველზე 2–3 თვის განმავლობაში კარვებში 200 მომიტინგის შენარჩუნების საჭიროებაზე საუბრობენ. ნაციონალურმა მოძრაობამ ჩანაწერს დამონტაჟებული უწოდა და კატეგორიულად უარყო დესტაბილიზაციის დაგეგმვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო. 

„რას იფაფხურებენ, ვერაფერს ვერ მიაღწევს ვერავინ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა, რომ ჩაატაროს მშვიდობიანი, ევროპული სტანდარტის გამჭირვალე არჩევნები. ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, რეალური მცდელობების მიუხედავად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის," – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა, „ასე რომ, ყველანი მშვიდად ვიყოთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. საქართველოში აუცილებლად იქნება მშვიდობა და სტაბილურობა – არავის არ შეეპაროს ამაში ეჭვი“.