ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების წინ შემაჯამებელი აქცია გამართა



ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო ჩართვის მეშვეობით თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს; ვარდების რევოლუციის მოედანზე დამონტაჟებულ მეორე ეკრანზე კი ქართული ოცნების საარჩევნო რეკლამა გადის, 5 ოქტომბერი, 2016 წელი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

სამი დღე რჩება არჩევნებში გამარჯვებამდე, მიმართა ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო ჩართვის მეშვეობით მხარდამჭერებს, რომლებიც ვარდების რევოლუციის მოედანზე ნაციონალური მოძრაობის შემაჯამებელ აქციაზე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიკრიბნენ.

„დღეს მე და თქვენ შეიძლება ეს ზღვა [შავი ზღვა] გვაშორებდეს, მაგრამ ჩემი გული თქვენთან უნისონში ჟღერს და თქვენთან ერთად ითვლის უკვე არა კვირებს, არა თვეებს, არამედ დღეებს და წამებს ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე“, – მიმართა მან მხარდამჭერებს უკრაინიდან ვიდეო ჩართვის მეშვეობით, „ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი დაიღალა უმოქმედებით, დაპაუზებით, ქვეყნის შეჩერებით; ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხს მოენატრა დრაივი, ტემპი, ხალხს მოენატრა აღმშენებლობა, ხალხს მოენატრა წინსვლა და ესეც ჩვენი გამარჯვების საწინდარია“.  



ვარდების რევოლუციის მოედანზე აქციის გამართვის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, 5 ოქტომბერი, 2016 წელი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხს არ უნდა საქართველო იყოს ერთი ფეოდალის სათამაშო“, – განაცხადა სააკაშვილმა ივანიშვილზე მინიშნებით და დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა მოვა ხელისუფლებაში, მთავრობა ივანიშვილს სტიპენდიას მისცემს და სასწავლებლად „გაუშვებს“ საზღვარგარეთ. 

„საქართველო და თითოეული ჩვენგანი უახლოვდება ისტორიულ მომენტს. სამ დღეში დგება სიმართლის ჟამი. ზუსტად სამ დღეში საქართველოში სამუდამოდ დასრულდება ერთი ახირებული რუსი ოლიგაქრის ექსპერიმენტი, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენი ერის დაქუცმაცება გათიშულობით, გადაკიდებით, ჭორებით, ბრალდებებით… ზუსტად სამ დღეში საქართველოში დასრულდება დიდი ქოციანობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

არჩევნების შემდეგ „ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი მთავრობა ასეთივე დიდ შეკრებაზე… მე მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო ამ ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ პროცესში“, განაცხადა სააკაშვილმა.

„სამი დღეა დარჩენილი ჩემთვის ამ ზღვის გადმოლახვამდე, ხოლო საქართველოსთვის ეს არის სამი დღე გამარჯვებამდე; შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში“, – მიმართა მან მხარდამჭერებს ზღვის ხედის ფონზე.



სანდრა რულოვსი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი და ყოფილი პირველი ლედი მანიფესტაციის დროს მხარდამჭერებს ესალმება, 5 ოქტომბერი, 2016 წელი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

დეპუტატი გივი თარგამაძე, რომელიც თბილისის ცენტრში თავისი მანქანის აფეთქების შედეგად გადარჩა, ასევე გამოვიდა აქციაზე და მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს სოლიდარობისა და იმ მამაცობისთვის, რომელიც მათ აქციაზე მისვლით გამოიჩინეს.

ვარდების რევოლუციის მოედანზე აქციის გამართვის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, რომელთა შორის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც იყვნენ, რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ, რის შემდეგაც დაიშალნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)