უსუფაშვილი თავის წინასაარჩევნო მიმართვაში არჩევნების შედეგების აღიარების საჭიროებაზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და მომდევნო პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატიცაა, „საკმაოდ ხანგრძლივი და დატვირთული წინასაარჩევნო კამპანიის“ მიწურულს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ თავის მიმართვაში პოლიტიკურ ძალების მხრიდან საარჩევნო შედეგების აღიარების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ შესაძლოა ეს შედეგები ცხადი გახდეს არა ხვალვე, არამედ მოსალოდნელი მეორე ტურების დასრულების შემდეგ.

მან არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სახელმწიფო მოხელეებს „ნეიტრალური და მიუკერძოებელი“ საქმიანობისკენ, ხოლო მოქალაქეებს „თავისუფალი“ და „პოზიტიური“ არჩევანისკენ მოუწოდა.

„ხვალ, 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ხვალ საღამოს ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება მიანდოს თავის ახალ რჩეულებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესის „მაღალ დონეზე განხორციელება ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხია“.  

„პირველ რიგში აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების თუ საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
 
„ჩვენ შეგვიძლია უპირობოდ გამოვუცხადოთ ნდობა ქართულ სახელმწიფოს და საარჩევნო ადმინისტრაციას, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ პოლიტიკური თავისუფლებებისთვის და საარჩევნო დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა მან.

„მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო დაწესებულებებმა და არა მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა, პირუთვნელად და მიუკერძოებლად შეასრულონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნქცია, ემსახურონ ქართულ სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას,  მის ლიდერს  ან რომელიმე სხვა მოსაზრებებს და ინტერესებს“, – განაცხადა პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ხვალინდელი არჩევნები „განსაკუთრებული“ იმიტომაც არის, რომ ის  „უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში“ ტარდება, რომლის დროსაც მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.

„მაგრამ მეტი თავისუფლება, მეტი პასუხისმგებლობაცაა“, – განაგრძო მან, „მე დარწმუნებული ვარ, რომ მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებამ შექმნა ის ვითარება, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების სერიოზული ნაწილი ბოლო წუთებამდე  ვერ აკეთებდა თავის არჩევანს. დიახ, სწორია, ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ, რადგან ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს არჩევანზე… ჩვენ თავისუფალი არჩევანი მოგვეთხოვება ხვალ“. 

ქართველი ამომრჩეველი 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევს იმ პარტიების კანდიდატთა სიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს გადალახავენ. 73 დეპუტატი კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევა 30%-დან 50%-მდე აწეული ბარიერით, რაც მეორე ტურების ალბათობასაც ზრდის. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ხმათა ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ მაქსიმუმ 25 დღეში ინიშნება მეორე ტური ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულის გამოსავლენად. მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა კი ხდება პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება, რის შემდეგაც პარლამენტის პირველ სხდომას იწვევს პრეზიდენტი. არსებული პარლამენტის უფლებამოსილება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე წყდება.

6 ოქტომბერს თავის მიმართვაში უსუფაშვილმა ასევე განაცხადა: „ამ არჩევნებს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს ჩვენი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე და პოლიტიკური ბალანსიდან გამომდინარე – ხვალ საარჩევნო პროცესი არ მთავრდება, ხვალ ჩვენ ვიწყებთ არჩევნებს და არჩევნები დამთავრდება, როგორც ჩანს, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარებით“.

„ეს ნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა, ხვალ საღამოს მდგომარეობით ყველაფერი ბოლომდე ცხადი არ იყოს – მომავალი პარლამენტის პოლიტიკური კომპოზიცია“, – განაცხადა მან, „აქედან გამომდინარე ყველას გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი იმისათვის, რომ 8 ოქტომბრიდან მეორე ტურის გამართვამდე ჩვენ ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია, არ დავუშვათ არანაირი სპეკულაციები, არ დავუშვათ არანაირი მცდელობები იმისა, რომ გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოჩენას შეეცადოს ვინმე“.

მისი თქმით, ახალი პარლამენტის შეკრებამდე თავის უფლებამოსილებას აგრძელებს პარლამენტი და მთავრობაც „სრულფასოვნად“ მართავს ქვეყანას.

კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. 2013 წელს კონსტიტუციაში ამოქმედებული იმ ცვლილების მიხედვით, როცა ახალი პარლამენტის არჩევა განსაზღვრავს მთავრობის ფორმირებას, პრემიერ-მინისტრს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი ასახელებს;  პრემიერისა და მის მიერ შეთავაზებული მთავრობის დამტკიცებას კი 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„დღეს ჩვენ პირველად მივდივართ ისეთ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები უშუალოდ და პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება, საით წავა ეს ქვეყანა“, – განაცხადა უსუფაშვილმა თავის მიმართვაში და დასძინა, რომ ეს "ორმაგ პასუხისმგებლობას" წარმოადგენს იმისთვის, რომ „ავირჩიოთ ხალხი, ვინც ქვეყნის გაძღოლას შეძლებს“.

„გავაკეთოთ პოზიტიური არჩევანი, ის ვინც უკეთესს გააკეთებს ქვეყნისთვის და არა ნეგატიური არჩევანი, რაც გულისხმობს იმას, თუ ვინ გააგრძელებს უკეთესად ოპონენტებთან გამკლავება, ქვეყნის გაყოფას და ა.შ.“, – განაცხადა მან.   

„მე მინდა გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც თქვენ იამაყებთ ზეგ“, – მიმართა უსუფაშვილმა ამომრჩევლებს 7 ოქტომბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)