ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ
სამმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა, როგორც „კონკურენტული“ და განაცხადა, რომ იმ „სერიოზული ზიანის“ მიუხედევად, რომელიც კამპანიის მიმდინარეობას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარმა ძალადობრივმა აქტებმა მიაყენეს, იდენტიფიცირებულ დარღვევებს ელექტორატის ნების თავისუფალ ფორმირებაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია და 8 ოქტომბერს ამომრჩეველს საშუალება ექნება „ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს“.
წინასაარჩევნო გარემო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 7 ოქტომბერს ერთობლივად შეაფასეს.
„წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც არჩევნების დღემდე 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ. წინასაარჩევნო კამპანია პლურალისტური მედიაგარემოს, ადმინისტრაციული რესურსების არამასობრივი გამოყენების და ზეწოლის ფაქტების მასშტაბის სიმცირით ხასიათდებოდა. კამპანიას ცალკეული ძალადობრივი ინციდენტების, ამომრჩევლის მოსყიდვის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაშინებისა და აგიტაციაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა არ გვაქვს საფუძველი, განვაცხადოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იდენტიფიცირებულმა დარღვევებმა ამომრჩევლის ნების თავისუფალ ფორმირებაზე არსებითი გავლენა მოახდინა“, – ნათქვამია ერთობლივ შეფასებაში.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია „ძირითადად, ძალადობისგან თავისუფალი“ იყო, თუმცა მის მიმდინარეობას „სერიოზული ზიანი მიაყენა“ 4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებამ, და ასევე ორმა ცალკე ინციდენტმა – გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის კამპანიის შეხვედრაზე სროლისა და სამეგრელოში „მმართველი პარტიის აქტივისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების“ ფაქტებმა; ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით, თარგამაძის შემთხვევისგან განსხვავებით, გამოძიებამ კონკრეტულ პირებს ბრალი უკვე წაუყენა.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ასევე პირადი საუბრების უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნების გახშირებაზე, რაც „გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანს საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის მიუღებელი მეთოდებით ფორმირება წარმოადგენდა“. ამ უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელთა შორისაა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის პაატა ბურჭულაძისა და „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას საუბარი, ასევე სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების საუბრები პოსტსაარჩევნო „რევოლუციურ სცენარზე“, გამოძიება დაიწყო, თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, „მსგავსი ტიპის დანაშაულების სისტემურობისა და დაუსრულებელი გამოძიებების გამო სამართალდამცავთა საქმიანობის ეფექტიანობის მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია“.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჯგუფი აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით, მიმდინარე კამპანიის ფარგლებში „უფრო ხშირად გვხვდებოდა წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემა, გადაცემის დაპირება ან მომსახურების გაწევა“, რასაც „აუდიტის სამსახური დროულად სწავლობდა“, თუმცა მოსყიდვის ფაქტებს შემდგომი სამართლებრივი რეაგირება აღარ მოყვებოდა „არსებული საარჩევნო რეგულაციების გაუმართაობისა და სასამართლოს არასათანადო პრაქტიკის“ გამო.
ანგარიში მედიაგარემოსთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ ამომრჩეველთან ეფექტური კომუნიკაციისა და საკუთარი პროგრამების, გაცნობის შესაძლებლობა „თითქმის ყველა სატელევიზიო არხის მეშვეობით“, რაც „იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობას ექნება საკმარისი ინფორმაცია ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად“.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჯგუფი „საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას“ უწოდებს ტელეკომპანია GDS-ის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისთვის სექტემბრიდან კვირაში ორჯერ, ორსაათიანი უფასო ეთერის დათმობას „მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციისთვის“, რომლის მსგავსიც ამ არხს, რომლის მფლობელიც ივანიშვილის შვილი ბერაა, „სხვა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ არ განუხორციელებია“. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ GDS-სა და ტელეკომპანია იმედზე „წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის“ ფაქტებზე გადაღებული მხატვრული სერიალის „ჰეროკრატიის“ წინასაარჩევნოდ გაშვებას, რაც მართალია „არ წარმოადგენდა კანონდარღვევას, თუმცა იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ დაფინანსებული და აღიქმებოდა პარტია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციები „მეტწილად გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვით მოქმედებდნენ“ და ისინი "ორგანიზებულები" ხვდებიან არჩევნებს, თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული შეფასება დაიმსახურა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საჩივრების განხილვის პროცესმა, ვინაიდან „ცესკოში შესული საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა დაუკმაყოფილებელი დარჩა“ და „ხარვეზები გამოიკვეთა, ასევე, ცესკო-ს მიერ გარკვეული საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესსა“ და საუბნო კომისიების დაკომპლექტების დროს, როცა წევრების "შერჩევის პროცესის პოლიტიკური მიუკერძოებლობის საკითხი რიგ საარჩევნო ოლქებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა".
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)