ორი დამოუკიდებელი ეგზით პოლის მიხედვით, მმართველი პარტია ლიდერობს

8 ოქტომბრის არჩევნებზე 8 საათზე საარჩევნო უბნების დახურვისთანავე ორი დამოუკიდებელი ეგზით პოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მონაცემებიც მართალია ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ორივეში მმართველი პარტია ქართული ოცნება ლიდერობს.

ქართულ ოცნებას – 53.8% აქვს; მას ორჯერ მეტად ჩამორჩება ნაციონალური მოძრაობა 19.5%-ით; შემდეგ მოდის პატრიოტთა ალიანსი 5% და ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ 4%-ით, ოთხი ტელეკომპანიის – საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის, მაესტროსა და GDS –ის მიერ TNS Opinion-ისთვის ერთობლივად დაკვეთილი ეგზით პოლების მიხედვით, რომლის საველე სამუშაოები  ქართულმა კომპანია „გორბი“-მ შეასრულა.

ამავე მონაცემებით, ლეიბორისტულ პარტიას აქვს 3.1%, პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის – 2.7%, რესპუბლიკურ პარტიას  – 2.7%.

„რუსთავი 2“-ის დაკვეთილ ეგზით პოლებში ქართულ ოცნებას 39.9% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას 32.74%, ხოლო პატრიოტთა ალიანსს 5.76%.
 
შემდეგ მოდის ლეიბორისტული პარტია 4.21%-ით, პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის 3.25%, თავისუფალი დემოკრატები 3.21% და ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა – 2.81%.  „რუსთავი 2“–ის თქმით, ეს პირველადი მონაცემებია ეგზით პოლებისა, რომელიც მან GfK–ს დაუკვეთა, ხოლო საველე სამუშაოები BCG Research-მა განახორციელა. 

150 წევრიან პარლამენტში 77 პროპორციულ ადგილს მხოლოდ ის საარჩევნო სუბიექტები გაინაწილებენ, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს გადალახავენ. 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა.