კვირიკაშვილი: ყველა წინასწარი მონაცემით, ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ, რაც 8 საათზე საარჩევნო უბნების დახურვას ეგზით პოლების შედეგების გამოქვეყნება მოყვა, განაცხადა, რომ „ყველა წინასწარი მონაცემით, ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია“ საპარლამენტო არჩევნებში.
„დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვნელოვან კითხვას კიდევ ერთხელ პასუხი: არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება და რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნება ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით – ეს არის უდიდესი გამარჯვება“, – მიმართა ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში“, – განაცხადა მან.
ორი დამოუკიდებელი ეგზით პოლის შედეგები მართალია ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ორივეში პარტია ქართული ოცნება ლიდერობს საპარლამენტო არჩევნებში.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ოფიციალურ მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ჩვენ ვართ ძალიან საამაყო ქვეყანა“, რომელსაც აქვს „ძალიან ნათელი და საამაყო მომავალი“.
„დღევანდელი გამარჯვება არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ უდიდესი გამარჯვების, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მინდა ყველა ჩვენგანის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი როლისთვის საქართველოს უახლეს ისტორიაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ამ აქციას, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ 5 წლის წინ, როცა ქართულმა ოცნებამ ბრძოლა დაიწყო, საქართველო „დიქტატურის მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყო“, დღეს კი „დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით ევროპულ მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია“.
„თქვენ გააკეთეთ დღეს ძალიან ღირსეული არჩევანი, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს და ვუსურვო წარმატებები; თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით და გარწმუნებთ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად სწორი მიმართულებით განვითარდება“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)