ნაციონალური მოძრაობის რეაგირება ეგზით პოლის შედეგებზე
ნაციონალური მოძრაობის პარტიის სიის პირველმა ნომერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა ეგზით პოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომ პარტია ქართულმა ოცნებამ „ვერ მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის ნდობის მანდატი“ და ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების მოგების შანსი აქვს.
საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურა და ამჟამად ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.
მართალია ორი დამოუკიდებელი ეგზით პოლის წინასწარი შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ ორივე მათგანში ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას უსწრებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლის შედეგებით, უფრო მცირე ზღვარია ამ ორ პარტიას შორის, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის, მაესტროს და GDS–ის დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლის შედეგებში.
დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად საარჩევნო დარღვევებისა, „ეგზით პოლის პირველადი შედეგებითაც კი ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის ნდობის მანდატი“.
„რუსთავი 2“–ის დაკვეთით ჩატარებულ ეგზით პოლებზე დაყრდნობით, ბაქრაძემ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ხმების 39% მიიღო. „39% ხმები რას ნიშნავს შეგახსენებთ: 2012 წელს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები, მან მიიღო ხმების 40%“.
„ანუ 2012 წელს წაგებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო უფრო მეტი ხმა, ვიდრე სავარაუდოდ ეგზით პოლის პირველადი მონაცემებით, დღეს მიიღო პირველ ადგილზე მყოფმა ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, რესპონდენტების მესამედმა უარი თქვა ეგზით პოლის შეკითხვისთვის პასუხის გაცემაზე.
„ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ხმების დათვლის შედეგად იმ 33%-ის ძალიან დიდი ნაწილი, ვინც უარი განაცხადა საკუთარი არჩევანის დასახელებაზე, არიან სწორედ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები და მათი ხმები ცესკოში ხმების დათვლის შედეგად წამოვა სწორედ ნაციონალური მოძრაობისკენ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„ის 7% განსხვავება, რომელიც აჩვენა პირველადმა კვლევამ, არის აბსოლუტურად პირობითი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს 4-5 საათში ეს განსხვავება რადიკალურად შეიცვლება და სწორედ ამ ადამიანების ხმების ხარჯზე ნაციონალური მოძრაობა დაიკავებს პირველ ადგილს“, – განაცხადა მან.
„ნებისმიერი ეგზით პოლი გახლავთ პირველადი შედეგი და საბოლოოდ ყველაფერი წყდება უბნებზე, ოლქებში, კომისიებში“, – განაცხადა მან და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ “დავიცვათ ჩვენი ხმები“.
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, დავდოთ ობიექტური შედეგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ დილით მთელი საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებში პირველ ადგილზეა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
პარტიამ ხმების სულ ცოტა 5% უნდა მიიღოს პარლამენტში პარტიული სიით ადგილის დასაკავებლად. 77 მანდატი 150–წევრიან პარლამენტში პროპორციული სისტემით ნაწილდება, ხოლო 73 – მაჟორიტარული წესით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)