უსუფაშვილის პოსტსაარჩევნო შეფასებები
მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ხარვეზებისა, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.
უსუფაშვილის რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 1.55% მიიღო პროპორციულ არჩევნებში და პარლამენტში შესასვლელად საჭირო 5%–იანი ბარიერი ვერ გადალახა.
უსუფაშვილმა ასევე ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა საბურთალოს ერთმანდატიან ოლქში და ხმების მხოლოდ 11.7% დააგროვა; მას წინ უსწრებენ სევდია უგრეხელიძე ნაციონალური მოძრაობიდან 17.2%–ით და ლევან გოგიჩაიშვილი ქართული ოცნებიდან 46.89%–ით. ბოლო ორი კანდიდატი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდება.
„არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია, ვინაიდან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურებია ჩასატარებელი“, – უთხრა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს 10 ოქტომბერს.
„ჩვენ მივიღებთ ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ რეალობას“, – განაცხადა მან.
„საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა ძირითადმა სუბიექტმა ძირითადად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ამიტომაც არჩევნები შეიძლება შეფასდეს, როგორც შემდგარი. თუმცა ამ პროცესშიც ვისურვებდი ყოფილიყო მეტი ორგანიზებულობა და უკეთ გააზრება ჩვენ–ჩვენი როლების – ეს ჩვენ კიდევ უფრო წინ გადაგვადგმევინებდა ნაბიჯს და კიდევ უკეთესი შედეგი გვექნებოდა“, – დასძინა მან.
„საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში აშკარად შეინიშნებოდა კვალიფიკაციის ნაკლებობა ბევრ შემთხვევაში და ამან გარკვეული ხარვეზი უზრუნველყო, განსაკუთრებით შედეგების შეჯამებისას და ოქმების გამოცხადებისას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავდაპირველად თავის ვებგვერდზე შერჩევითად გამოაქვეყნა შემაჯამებელი ოქმები იმ უბნებიდან, სადაც შედეგები ოთხი ტელევიზიის დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლის შედეგებს ემთხვეოდა, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას ხმების 53% ჰქონდა. სხვა უბნებიდან ოქმების მიღებასთან ერთად მმართველი პარტიის პროცენტული მაჩვენებელი კლებულობდა და ამჟამად სამის გარდა, ყველა უბნიდან მიღებული შედეგების თანახმად, მას 48.65% აქვს.
„ეს ყველაფერი ხარვეზებია, რომლებიც გამოსასწორებელია, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავად არჩევნები იყო არალეგიტიმური იმიტომ, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ჩვენ არ გვგონია, რომ მივიღებთ მარტივ პარლამენტს, მარტივ პოლიტიკურ ცხოვრებას. ის შფოთვა, რომელიც მეც გაგიზიარეთ ბევრჯერ და ბევრმა სხვამაც, გამართლდა და არჩევნების შედეგების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი იყო ის წინასაარჩევნო კოქტეილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ერთად შესთავაზეს ქართველ ხალხს“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ორმა ძირითადმა პარტიამ „სიძულვილზე“ დაფუძნებული კამპანია აწარმოეს.
„მინდა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მივმართო ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერებს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ბატონ დავით ბაქრაძეს – მათზე პერსონალურად ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაში, თუ საით წავა ქვეყანა, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მე მინდა მჯეროდეს, რომ მათ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არიან მთავარი პოლიტიკური კონკურენტები, მაგრამ ეს კონკურენცია არ გასცდება კანონის და ცივილიზებული ნორმის ფარგლებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„მე ვიცნობ ერთსაც და მეორესაც და მჯერა, რომ გიორგიც და დათოც გამონახავენ საკუთარ თავში იმ ძალებს, რომელიც სრულიად აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, რომ ეს არჩევნები დასრულდეს კონკურენტული რეჟიმით, მაგრამ მშვიდობიანად“, – განაცხადა მან.
„შემდეგი პოლიტიკური ციკლის ერთ–ერთი ამოცანა იქნება პოლიტიკურ სპექტრში იმ ძალისხმევის გაერთიანება, რომელთაც ამ ქვეყნის დემოკრატიული არჩევანი თავისი შინაარსით, არსით წარმოუდგენიათ და არა მხოლოდ ფორმით“, – განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ძალები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში იყო „გაბნეული“.
ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვების თაობაზე კომენტარის გაკეთებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „საკონსტიტუციო უმრავლესობით შეცდომების დაშვებაა ადვილი“.
მისი თქმით, საქართველოს წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეცდომების დაშვების უმარტივესი გზაა.
„ეს არის სახიფათო და ამაზე მეტყველებს ჩვენი ისტორია“, – განაცხადა მან.
ქართულ ოცნებას აქვს შანსი, რომ 150–წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტიის კანდიდატები 50 ერთმანდატიანი ოლქიდან დაახლოებით 46–ში გაიმარჯვებენ, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მეორე ტურები გაიმართება.
„მე კარგად მესმის დღევანდელი აღტკინება, რასაც ვხედავ ჩემს კოლეგებში, თუ ქართული ოცნების წარმომადგენლებში, როდესაც სიამაყით ამბობენ, რომ ჩვენ ეს [საკონსტიტუციო უმრავლესობა] გვექნება, რომ ამით თითქოს ევერესტზე ავიდნენ, მაგრამ ევერესტზე ასვლა არ არის მთავარი, იქიდან ჩამოსვლაც აუცილებელია დაუზიანებლად“, – განაცხადა მან.
მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 5%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)