აშშ–ის მე–6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს

ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდი Mount Whitney (LCC 20) 12 ოქტომბერს ბათუმის პორტში შევიდა „დაგეგმილი საპორტო ვიზიტით“.

მე–6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდი, რომელიც იტალიის საპორტო ქალაქ გაეტაშია ბაზირებული, შავ ზღვაში 10 ოქტომბერს შევიდა „საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნის გაზრდისა და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან პარტნიორობის გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა ევროპასა და აფრიკაში აშშ–ის საზღვაო ძალების სარდლობამ.     

„შავ ზღვაში შემოსვლა ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, გავაგრძელოთ შავი ზღვის ქვეყნებთან ჩვენი პარტნიორობა, რომელთა შორის საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ვიზიტს პორტში“, – განაცხადა დერილ ქოუდელმა, კონტრ ადმირალმა და მე-6 ფლოტის სარდლის მოადგილემ.

ეს Mount Whitney–ს მეოთხე საპორტო ვიზიტია საქართველოში.

2008 წლის სექტემბრის დასაწყისში, რუსეთ–საქართველოს ომიდან დაახლოებით ერთ თვეში, მან ფოთის პორტში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა; მაშინ რუსულ სამხედრო ძალებს ჯერ კიდევ ეკავათ ორი ბლოკპოსტი ფოთის მისადგომებთან. შემდგომში Mount Whitney-ი საქართველოს 2013 წლის ნოემბერში და 2014 წლის ოქტომბერში სტუმრობდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)