კვირიკაშვილი ბათუმში მყოფ ამერიკულ ხომალდს ესტუმრა
აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი Mount Whitney ბათუმს საპორტო ვიზიტით 2016 წლის 14 ოქტომბერს ეწვია. ფოტო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდის Mount Whitney (LCC 20) საპორტო ვიზიტი ბათუმში საქართველოს მიმართ აშშ–ის „ურყევი მხარდაჭერის“ დასტურია, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 14 ოქტომბერს ხომალდზე სტუმრობის დროს.
„ხომალდის ბათუმის პორტში შემოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განვითარებასთან ერთად, ამერიკული ხომალდის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი“, – განაცხადა მან ხომალდზე გამართულ საზეიმო მიღებაზე.
"ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი აქტივობები სრულად ასახავს ნატოს დამოკიდებულებას საქართველოს ჩართულობისადმი იმ დიალოგში, რომელიც ეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ კავშირები ამ კუთხით", – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფრანგული სამხედრო ხომალდი Premier-Maitre L’Her 17 ოქტომბერს სამდღიანი საპორტო ვიზიტით ბათუმის პორტს ეწვევა.
ეს Mount Whitney–ს მეოთხე საპორტო ვიზიტია საქართველოში.
2008 წლის სექტემბრის დასაწყისში, რუსეთ–საქართველოს ომიდან დაახლოებით ერთ თვეში, მან ფოთის პორტში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა; მაშინ რუსულ სამხედრო ძალებს ჯერ კიდევ ეკავათ ორი ბლოკპოსტი ფოთის მისადგომებთან. შემდგომში Mount Whitney-ი საქართველოს 2013 წლის ნოემბერში და 2014 წლის ოქტომბერში სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)