ტრანსგენდერი ქალის დაჭრის შემდეგ ხელისუფლებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღკვეთისკენ მოუწოდებენ
ტრანსგენდერი ქალი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და სიცოცხლისთვის იბრძვის მას შემდეგ, რაც გასული კვირის ბოლოს ის თბილისში სცემეს და დაჭრეს, რასაც უფლებადამცველები სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევენ.
სამართალდამცველებმა მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცეს თავდასხმას, რომელიც 14 ოქტომბერს საღამოს ორთაჭალაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა კვირას საღამოს, რომ პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
მანამდე კვირას ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფმა, შსს–ს წინ აქცია გამართა და საქმის ზედმიწევნითი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდა; მათ ხელისუფლებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ზომების გატარებისკენ მოუწოდეს.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მას წელს ტრანსგენდერ პირებზე თავდასხმის დაახლოებით 20 შემთხვევა აქვს დოკუმენტირებული.
„აღნიშნული სასტიკი ძალადობა არ არის საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანზე განხორციელებული პირველი თავდასხმა. წლების განმავლობაში, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ექვემდებარებიან განგრძობით ძალადობასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან. აღნიშნულის დასტურია 2014 წელს ტრანსგენდერი ქალის – საბი ბერიანის მკვლელობის საქმე, რომელშიც ეროვნულმა სასამართლომ ბრალდებული პირი უდანაშაულოდ ცნო, საქართველოს პროკურატურის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის გამო“, – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 16 ოქტომბერს გავრცელდა.
განცხადებაში, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო; იდენტობა; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და კავშირი „საფარი“ აწერენ ხელს, ასევე ნათქვამია: „სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ჰომოფობიურ/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს აშკარად არაეფექტურმა პოლიტიკამ… მართლმსაჯულების სისტემის არსებითმა ხარვეზებმა და ამ კუთხით ადამიანის უფლებებზე და თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების ნების არ არსებობამ, საზოგადოებაში დაუსჯელობის გარემო შექმნა და ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფად აქცია“.
„მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საჯარო განცხადებებითა და სისტემური პოლიტიკის გატარების გზით პოლიტიკურ დონეზე აჩვენოს მისი მყარი პოზიცია, რომ სახელმწიფო არ იქნება ლოიალური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში. ჯგუფი მოუწოდებს შსს–ს, რომ გამოიძიოს ტრანსგენდერ ქალზე 14 ოქტომბრის თავდასხმა და ასევე შეისწავლოს დანაშაულის უკან არსებული შესაძლო სიძულვილის მოტივები.
განცხადება ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს „საჯაროდ დაგმონ აღნიშნული ფაქტი და მყარი პოზიცია დაიკავონ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ“.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, სოფიო შამანიდი კვირას საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი ტრანსგენდერი მოინახულა.
„ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მაგრამ განსაკუთრებით შემზარავია მოძალადე, რომელიც ძალადობს ადამიანზე მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს საავადმყოფოში, „ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი თავი ისე, როგორც მას ეს სურს, ჰქონდეს ის იდენტობა, რომელსაც ის თავად აირჩევს“.
„სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად არასამთავრობოების, სხვადასხვა ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა, დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები და ამას დიდწილად ხელს უწყობს პოლიტიკოსების არაადეკვატური ჰომოფობიური გამონათქვამები. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ ამ საქმეს“, – დასძინა მან.
16 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოუწოდა პროკურატურას, რომ დანაშაულის სავარაუდო სიძულვილის მოტივი გამოიძიოს.
„სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიების პროცესში არ ხდება სავარაუდო სიძულვილის მოტივზე მსჯელობა ან/და ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ასეთი მოტივის გამოვლენის მიზნით“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე ჭეშმარიტების დადგენა და მათ შორის, დანაშაულის რეალური მოტივის იდენტიფიცირება, არამხოლოდ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)