გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ორშაბათს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებით.
კიდევ ერთ პირს, რომელიც, როგორც შსს–მ 7 ოქტომბერს განაცხადა, იმავე აფეთქებასთან არის კავშირში, დაუსწრებლად წარედგინა მკვლელობის მცდელობის ბრალდება; შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი კვლავ მიმალვაში რჩება.
დეპუტატი გივი თარგამაძე და მისი მძღოლი 4 ოქტომბერს ღამით თბილისში ცენტრში მანქანის აფეთქებას გადაურჩნენ; იმავე ინციდენტის დროს ოთხი გამვლელი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმესთან დაკავშირებული ორი პირის ვინაობა მხოლოდ ინიციალებით და დაბადების თარიღებით გაამხილა; მამაკაცი, რომელსაც იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვა ედება ბრალად, იდენტიფიცირებულია, როგორც 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ., ხოლო მეორე პირი, რომელსაც მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი, იდენტიფიცირებულია, როგორც 1974 წელს დაბადებული დ.ხ.
შსს–მ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „საგამოძიებო ჯგუფის მიერ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი პირების საცხოვრებელი ბინების და ავტოფარეხის ჩხრეკა“.
შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს „დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე, ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალი; დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები; მოთეთრო ფერის ფხვნილი – ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი; 2 მოწითალო ფერის შეკვრა – ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; 1 მომწვანო ფერის შეკვრა – ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; მუყაოს 3 კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით; „აკ-47“-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; „აკს-უ“-ს მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა; 3 ფალია და სხვა“.
„ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განაცხადა შსს–მ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)